წელს ქართულ ბაზარზე ვაშლის დეფიციტი შეიქმნება

„სეტყვამ ვაშლიც და სხვა კულტურებიც დააზიანა, ამიტომ ქართულ პროდუქციას იმპორტირებული ჩაანაცვლებს“

კარგი ხარისხის ქართული ვაშლის ფაასი ბაზარზე 2,5-დან 3-ლარამდე მერყეობს. სეტყვამ, რომელმაც შიდა ქართლის სოფლები რამდენჯერმე დააზიანა, ზოგიერთ ფერმერს მოსავალი მთლიანად გაუნადგურა, ზოგს კი - ვაშლის ბაღების უმეტესი ნაწილი დაუსეტყვა. გორისა და ქარელის რაიონის სოფლებში მცხოვრები ფერმერები აცხადებენ, რომ წელს ქართული ვაშლი და სხვა კულტურები ადგილობრივ ბაზარს არ ეყოფა და მას უცხოეთიდან შემოტანილი პროდუქცია ჩაანაცვლებს.

როგორც სოფელ რუისის მკვიდრმა, შპს „აგროს“ დირექტორმა, თამაზ კუთხაშვილმა, ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, ყველაზე მეტად სოფლები რუისი და ბებნისი დაისეტყვა.

„ჩვენი ბაღებიც სწორედ რუისშია. 6 ჰექტარი ფართობი გაგვინადგურა, ყველაფერი დაისეტყვა, რის გამოც ასპროცენტიანი ზარალი მივიღეთ. ერთ ჰექტარზე 20 ტონა ვაშლი უნდა მიგვეღო, იანგარიშეთ და ნახავთ, რომ დაახლოებით 120 ათასი ლარის ზარალი ვნახეთ. წელს ჩვენი ბაღიდან ერთი ცალი ვაშლიც კი არ ივარგებს, რაც დარჩა, ისიც ძირს ჩამოცვივდება. ეგ კი არა, სეტყვამ ხეებს ტოტებიც დაუმტვრია, კვირტებიც ძირს ჩამოყარა და მომავალ წელს თუ მოისხამს, ესეც არ ვიცი. მოსავალი დაზღვეულიც არ მაქვს, არც კომპენსაციაზეა ლაპარაკი და არც არაფერზე. მხოლოდ კერძო მესაკუთრეებს ეხმარებიან და ერთ ჰექტარზე 180 ლარს აძლევენ, იურიდიულ პირებს კი - არა. 180 ლარი არაფერია იმ ზარალთან, რაც ხალხმა ნახა, შეიძლება ზოგმა არც კი აიღოს“, - განაცხადა „აგროს“ დირექტორმა.

მოსავლის ნაწილი გადაურჩა ნუკრი პაპუნაშვილს, რომელსაც სოფელ შინდისში აქვს მეურნეობა, თუმცა მისი მდგომარეობაც არ არის სახარბიელო:

- სეტყვამ გორის რაიონის სოფელ შინდისში მცხოვრებ გლეხებს მოსავალი მთლიანად გაუფუჭა. მე დაახლოებით მოსავლის 70-80 პროცენტი გამინადგურა. ვაშლის ხეები გადარჩა, მაგრამ ნაყოფი სულ განადგურდა. სანერგე მეურნეობაც მაქვს და იქაც, მოსავლის დიდი ნაწილი დააზიანა. ლამის, კვირაში ორჯერ მოდის სეტყვა და აბა რას იზამდა? რუისში და ბებნისში მთელი მოსავალი გაანადგურა. ასევე განადგურდა საქაშეთის, ქიწნისის, ახალუბნის ტერიტორიაზე გაშენებული ბაღები და სანერგე მეურნეობებიც. თავისთავად ცხადია, რომ ქართული ვაშლი ბაზარზე წელს იმ რაოდენობით ვეღარ იქნება, რა რაოდენობითაც წინა წლებში იყო და მისი ხარისხიც უფრო ნაკლები იქნება. რაც გადარჩება, ისიც სეტყვისაგან დახეთქილი და დაზიანებული იქნება. ამიტომ, უცხოეთიდან შემოტანილი ვაშლი მომრავლდება, რომელიც ვიზუალურად ჩვენებურ ვაშლს ყოველთვის ჯობდა, მაგრამ გემოთი ვერ მიედრება. რა თქმა უნდა, ბაზარზე ჩვენებური ვაშლის დეფიციტი თუ იქნება, ეს ქართულ ვაშლს კიდევ უფრო გააძვირებს.

ამ აზრს იზიარებს ფერმერი ზურაბ დავითაშვილიც:

- მე ქარელის რაიონის სოფელ აფნისში 17 ჰექტარზე მქონდა ბაღი გაშენებული, ძველი ჯიშები განვაახლე და იტალიიდან შემოტანილი ჯიშები გავაშენე. სეტყვამ იქაურობა საკმაოდ დააზიანა. ვაშლის ხეებს ტოტებიც კი ჩამოამტვრია და ნაყოფს რაღას უზამდა? ეს იყო თანამედროვე, ევროპული დონის ბაღი. იქვე მარწყვი მქონდა გაშენებული, ისიც იტალიიდან იყო ჩამოტანილი და სულ მომისპო. ვაზიც დასეტყვა. ყველაფერი მაღალ დონეზე მქონდა გაკეთებული, მაგრამ ახლად გაშენებული ბაღი იყო და ჯერ დაზღვეულიც არ მქონდა, ვერ მოვასწარი - ვფიქრობდი, რა მეჩქარება, ცოტა მოგვიანებით დავაზღვევ-მეთქი. 80 ტონამდე ხორბალსაც ველოდი და სეტყვამ ისიც გაანადგურა. მარტო ვაშლი და ხილი კი არა, სხვა კულტურებიც მოსპო - ისეთი ამინდი იყო, რომ ყველაფერი დალეწა და დაანგრია. ახლაც სულ წვიმებია, მიწაც სველია და ჯერჯერობით გლეხებს ყველაფერი მოუვლელი რჩებათ.

ზურაბ დავითაშვილის თქმით, ქართულ ბაზარზე ვაშლის, და ზოგადად, ხილის გაძვირების მიზეზი ისიც არის, რომ ხალხმა ძველი ბაღები ამოყარა და თანამედროვე ბაღები გააშენა: „გასულ წელს ვაშლი ძალიან ცოტა იყო, რადგან მისი ზოგიერთი ჯიში მეწლეურია და ისედაც მცირე მოსავალს ესეც დაემთხვა. ვფიქრობ, რომ ეს მომავალში უნდა გამოსწორდეს. იმპორტირებული ვაშლი ქვეყანაში ახლაც შემოდის, მაგრამ როდესაც ახალი, ევროპული სტილის ბაღები მომრავლდება, ჩვენ ადგილობრივი მოსავალიც გვეყოფა. მე მაგალითად, იტალიურ ჯიშზე დავამყნე ჩვენი, ადგილობრივი ჯიშები. ვნახოთ, თუ სეტყვა არ იქნა, 200 ტონამდე ვაშლს კიდევ ველოდები. საბედნიეროდ, სტიქიამ ყველა ნაკვეთი ვერ დამისეტყვა.

შპს „ფრუიტილიას“ დამფუძნებელ ვახო ბეჟიტაშვილს ვაშლი ექსპორტზე გააქვს, ძირითადად ყაზახეთსა და რუსეთში. ის ამბობს, რომ მოსავლის სიმცირემ ექსპორტზეც სერიოზულად იმოქმედა:

ვახო ბეჟიტაშვილი - მართალია, ექსპორტიორები ჩვენს საქმიანობას ვაგრძელებთ, მაგრამ მასშტაბები შემცირებულია. როდესაც მოსავალი დასეტყვილია და არ არის, რა თქმა უნდა, ექსპორტიც იკლებს. სავარაუდოდ, წელს ქართული ვაშლი ძვირიც იქნება და დეფიციტურიც. ჩვენ ხომ ღია ბაზარი და თავისუფლი ეკონომიკა გვაქვს და დეფიციტის შემთხვევაში ქართულ ხილს თავისთავად უცხოური ჩაანაცვლებს. შარშანაც, ქვეყანაში ვაშლის დეფიციტი იყო და ძალიან დიდი რაოდენობით უცხოური ვაშლი შემოვიდა, სავარაუდოდ, წელსაც ასე იქნება, რადგან სეტყვისაგან ვაშლი ისეთ დაზიანებებს იღებს, რომ ზამთრამდე ვეღარ აღწევს. ამიტომ, ნებისმიერ შემთხვევაში მოგვიწევს ვაშლის და ხილის იმპორტი. იმპორტირებიული ვაშლი კი, ყოველთვის ძვირია ადგილობრივთან შედარებით, რადგან მის ფასს გზის და განბაჟების ხარჯები ემატება, ამას მოგების მარჟაც თან ერთვის და ეს ყველაფერი პროდუქციას აძვირებს. ვფიქრობ, რომ ქართულ ბაზარზე არა მარტო ვაშლის, არამედ სხვა ადგილობრივი კულტურების დეფიციტიც შეიქმნება“.

ხათუნა ჩიგოგიძე