გიორგი კვირიკაშვილი - მოხარული ვარ, რომ საქართველო-ჩინეთის ურთიერთობები წარმატებით ვითარდება

მოხარული ვარ, რომ საქართველო-ჩინეთის ურთიერთობები, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, წარმატებით ვითარდება და თქვენი ვიზიტი ამის კიდევ ერთი დადასტურებაა, - ამ სიტყვებით დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პირისპირ შეხვედრა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ვიცე-პრემიერ ჭანგ გაოლისთან.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო, მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყანასთან პარტნიორობას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს.

მხარეებმა ახალი აბრეშუმის გზის ინიციატივისა და საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს. შეხვედრისას აღინიშნა, რომ ბოლო პერიოდში ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარება, კიდევ უფრო ზრდის ორი ქვეყნის პარტნიორობის მნიშვნელობას.

გიორგი კვირიკაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო ღიაა ჩინელი ხალხისთვის, ჩინური ინვესტიციებისა და ინოვაციური იდეებისთვის.

შეხვედრისას საუბარი საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმასაც შეეხო.

პრემიერმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ვიცე-პრემიერს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.