აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა უცხოელ ვიზიტორთა კვლევის შედეგების პრეზენტაცია გამართა

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში დღეს უცხოელ ვიზიტორთა კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, კვლევა 2015 წლის აგვისტოდან დეკემბრის ჩათვლით უცხოელ ვიზიტორთა გამოკითხვის შედეგებს ითვალისწინებს. პრეზენტაციას არასამთავრობო ორგანიზაციების, ტურისტული ობიექტების, უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების წარმომადგებლები ესწრებოდნენ.

„კვლევის შედეგად გამოიკვეთა საშუალოდ რამდენი ხნით სტუმრობს აჭარას ტურისტები, რა არის მათი მოგზაურობის ძირითადი მიზანი, საშუალოდ რამდენს ხარჯავენ ისინი რეგიონში ყოფნისას, რა მოსწონთ აჭარის დათვალიერებისას, რამდენად აქვთ განმეორებითი ვიზიტის სურვილი და რა ტიპის პრობლემებს ხედავენ ისინი რეგიონში დასვენებისას. კვლევის შედეგები გაანალიზებულია 10-ვე სამიზნე ქვეყნების მიხედვით, რაც საშუალებას იძლევა ნათლად გამოჩნდეს ტურისტების საჭიროებები, მათი კმაყოფილებისა თუ უკმაყოფილების დონე ცალკეული ქვეყნების მიხედვით“, - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე მამუკა ბერძენიშვილმა.

”კვლევის შედეგები ერთი მხრივ, საშუალებას იძლევა, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა პიარ და მარკეტინგული ღონისძიებების დაგეგმვისას ქვეყნების მიხედვით გაითვალისწინოს თუ რეგიონის რომელ ტურისტულ პროდუქტებსა და პოტენციალს გაუწიოს პოზიციონირება კონკრეტულ ქვეყანაში და რა გზებით. გარდა ამისა, რა ტიპის პრობლემებს აწყდება ტურისტები რეგიონში სტუმრობისას და როგორ შეიძლება მათი მოგვარების გზების დაგეგმვა და განხორციელება. უცხოელ ვიზიტორთა კვლევა გრძელდება და 2016 წლის მონაცემებს დეპარტამენტი კვლევების დასრულებისას წარადგენს.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი კვლევის შედეგებს სასტუმროების, რესტორნებისა და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებსაც გააცნობს. კვლევის შედეგების ნახვა შესაძლებელია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ოფიციალურ ვებ გვერდზე gobatumi.com.”, - ნათქვამია ინფორმაციაში.