ფოთში სამკერვალო ფაბრიკის მშენებლობა იწყება

ფოთში სამკერვალო ფაბრიკის მშენებლობა იწყება. ახალი ფაბრიკის მშენებლობას კომპანია "აჭარა ტექსტილი" განახორციელებს.

ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურიამ კომპანიის წარმომადგენლებს აპრილში უმასპინძლა, რა დროსაც ფოთის პოტენციალის შესახებ ესაუბრა და მისი განვითარების გეგმები გააცნო.

აღნიშნულ შეხვედრამდე ინვესტორებმა ალექსანდრე თოფურიასთან ერთად ქალაქის ტერიტორიაზე რამდენიმე ადგილი დაათვალიერეს, სადაც სამკერვალო ფაბრიკის აშენება იქნებოდა შესაძლებელი. ამჟამად, კომპანიას ადგილი უკვე შერჩეული აქვს, ამ ეტაპზე კი პროექტზე მიმდინარეობს მუშაობა.

ქარხნის მშენებლობა მომავალი თვიდან დაიწყება და ის წლის ბოლომდე დასრულდება. ადგილზე, საწყის ეტაპზე 300 პირი დასაქმდება, სამომავლოდ კი მათი რიცხვის გაზრდა 3000-მდეა დაგეგმილი.

"აჭარა ტექსტილი“, რომელიც უკვე ფლობს ორ ტექსტილის ქარხანას ბათუმში, ფოთში 10 მილიონი დოლარის ინვესტირებას გეგმავს. ადგილზე წარმოებული პროდუქცია ევროპის ბაზარზე Made in Georgia-ს ეტიკეტით გავა. ფაბრიკა სხვადასხვა ბრენდების სპორტული ტანისამოსის შექმნაზე იქნება ორიენტირებული.