გოგირდის აბანოების წარმომადგენლებმა სემეკის ოფისთან 100 ლიტრამდე წყალი დაღვარეს

გოგირდის აბანოების წარმომადგენლებმა, სემეკის ოფისთან საპროტესტო აქცია გამართეს და წყალი დაღვარეს.აბანოების წარმომადგენლების თქმით, აუცილებელია სემეკმა გაითვალისწინოს მათი თხოვნა და შეამციროს წყლის ტარიფის გადასახადი, რომელიც GWP–მ დაუწესა.

„ჩვენი აქცია ემსახურება იმასა, რომ სემეკმა მიიღოს ჩვენი თხოვნა და ასევე შეასრულოს თავისი ვალდებულება წყლის ტარიფთან დაკავშირებით. ტარიფი, რომელიც 2000 წელს არის მიღებული, წყალანირების ფასს ითვალისწინებს 0-დან 85 თეთრამდე, GWP გვიწესებს 85 თეთრს, ანუ მაქსიმალურ ზღვარს. ეს ჩვენთვის მიუღებელია“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, შპს „ნარიყალას“ დირექტორმა, ნოდარ ტოტოლაშვილმა.

აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად სემეკის ოფისთან დაახლოებით 100 ლიტრამდე წყალი დაღვარეს. რის შემდეგაც აქციის მონაწილეებმა მათი თქმით, ”გონივრული ტარიფი” 2 თეთრი ყულაბაში ჩააგდეს და თანხა სემეკის ოფისში დატოვეს.

აქციის მონაწილეებს მიტანილი ჰქონდათ ასევე ბანერი „დაგვიდგინეთ გონივრული ტარიფი“, და „ნუ გაანადგურებთ თბილისის ტურისტულ ცენტრს“.

აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ ისინი 7 ივნისს საპროტესტო აქციას თბილისის მერიასთან იგივე მოთხოვნებით გამართავენ.

საპროტესტო აქცია სემეკის ოფისთან დასრულებულია.