საპარტნიორო ფონდს ჩინეთის გაზისა და ნავთობის წარმოების ეროვნული კომიტეტის წარმომადგენლები ესტუმრნენ

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ჩინეთის გაზისა და ნავთობის წარმოების ეროვნული კომიტეტის ვიცე დირექტორი ლიუ იან ფონგი და პროექტების მენეჯერი ფუ დალი მიიღო.

როგორც საპარტნიორო ფონდში აცხადებენ, ჩინეთის გაზისა და ნავთობის მომპოვებელი, მწარმოებელი, გადამამუშავებელი და მიმწოდებელი კომპანია საქართველოს ენერგოსეტორში ინვესტირებით ინტერესდება.

უწყების პრესსამსახურის ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა უმსხვილესი ჩინური კომპანიის წარმომადგენლებს ფონდის მანდატი, პრიორიტეტები და სტრატეგია გააცნო. საუბარი შეეხო ასევე საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს.

აღსანიშნავია, რომ ჩინური მხარე საქართველოს ბიზნეს გარემოსა და საინვესტიციო შესაძლებლობების შესასწავლად შეხვედრებს საქართველოს სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტებთან გეგმავს.