Apple ახალ iPhone-ს 2017 წლამდე აღარ გამოუშვებს

კომპანია Apple-მა შესაძლოა გადახედოს ორ წელიწადში ერთხელ iPhone-ის განახლების პოლიტიკას და ეს ვადა 3 წელიწადამდე გაზარდოს, ხოლო შუალედებში არსებული მოდელების გაუმჯობესებული ვერსიები წარმოადგინოს.

ამის შესახებ იაპონური გაზეთი Nikkei იტყობინება.

გამოცემის ინფორმაციით, შემოდგომაზე Apple-ის დაგეგმილი სიახლე მცირედი განახლებით გამოვა, iPhone 7 კი 2017 წელს. შესაბამისად შემოდგომაზე დაგეგმილი ახალი ტელეფონის სახელწოდება სავარაუდოდ, iPhone 6ss იქნება და არა - iPhone 7.

იაპონური გამოცემის აზრით, მსგავსი გადაწყვეტილება სავარაუდოდ დაკავშირებულია კომპანიის მოთხოვნებთან - ჰქონდეს მეტი დრო ღირებული განახლებების შესაქმნელად. გარდა ამისა, ანალიტიკოსები თანხმდებიან, რომ ამ ყოველივეში არცთუ მცირედი როლი უკავია ზოგადად ამ ბაზრის „შენელებას“. ბაზრის შენელებაზე მეტყველებს კომპანიის კვარტალური შემოსავლები. მიმდინარე წლის მეორე ფინანსური კვარტალის მონაცემებით შემცირებულია გაყიდვები, რაც განპირობებულია ჩინეთისა და ამერიკის უმსხვილეს ბაზრებზე iPhone-ზე მოთხოვნის კლებით. შესაბამისად ბოლო 13 წლის განმავლობაში კომპანიის შემოსავლები ამ პერიოდში 13%-ით შემცირდა და 50,6 მილაირდი დოლარი შეადგინა, ხოლო წმინდა მოგება 22%-ით შემცირდა და 10,5 მილაირდი დოალრი შეადგინა. კომპანიის შემოსავლები გასული წლის ამავე პერიოდში 58 მილიარდი იყო, ხოლო წმინდა მოგება 13,6 მილაირდი.

გამოცემის აზრით, Apple-ის ბოლო რამდენიმე პრეზენტაციაც მეტყველებს იმაზე, რომ კომპანია განიცდის იდეების ნაკლებობას და ძირითადად დაკავებულია უკვე მოქმედი მოდელების მცირედი განახლებით. მაგალითისთვის iPhone SE-ს და iPad Pro-ს გამოსვლას ბრენდის ქომაგები საკმაოდ გულგრილად შეხვდნენ.

კოკა კვირკველია