ქვესადგურ „ხორგას” მშენებლობა დასრულდა

ქვესადგურ „ხორგა 220/110კვ“-ის მშენებლობა დასრულდა, - ამის შესახებ "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში" აცხადებენ.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ” (სსე)”რეგიონული ელექტროგადაცემის გაუმჯობესების პროექტის“ ფარგლებში, ქვეყნის ენერგეტიკისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი, ახალი, 220/110 კილოვოლტიანი ქვესადგურის “ხორგა“ მშენებლობის პროექტი დაასრულა. პროექტის დასრულების საზეიმო ცერემონია ხობის მუნიციპალიტეტში გაიმართა.

პროექტი „აზიის განვითარების ბანკის” (ADB) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა და მისი ღირებულება 11,9 მლნ ევროს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს ავსტრიული კომპანია Siemens-ი აწარმოებდა.

"მსგავსი პროექტების განხორციელებით საქართველო უბრუნდება თავის ბუნებრივ, რეგიონულ თუ საერთაშორისო მნიშვნელობის ფუნქციას და დანიშნულებას. ჩვენ ვიყავით და კვლავაც ვხდებით სატრანზიტო ხიდი, დერეფანი ევროპასა და აზიას შორის. საქართველოზე გადის მნიშვნელოვანი საერთაშორისო პროექტების ინტერესები და ესაა ქვეყნის ფეხზე სწრაფად დადგომის საწინდარი. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო სულხან ზუმბურიძეს და მის გუნდს და ყველა იმ ადამიანს, ვინც პირველივე დღიდან მონაწილეობდა ამ უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელებაში,"- განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის სულხან ზუმბურიძის განცხადებით, ქვესადგურ ”ხორგას” მშენებლობა „ელექტროგადამცემი ქსელის განვითარების 10 წლიანი გეგმის“ ფარგლებში განხორციელდა.

”აღნიშნული გეგმა მიზნად ისახავს კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის რეალიზაციას, მათ შორის, მიმდინარე წელს დასრულდება ქვესადგურების: ,,მარნეული 500“-ის და ,,ქსანი 500“-ის, აგრეთვე, ახალციხე-ბათუმის დამაკავშირებელი ელექტროგადამცემი ხაზის მნიშვნელოვანი ნაწილის, ხოლო 2017 წელს - ჯვარი-ხორგას და ქსანი-სტეფანწმინდას დამაკავშირებელი ხაზების მშენებლობა. ახალი ენერგოობიექტები ხელს შეუწყობს საინჟინრო ცოდნის გაფართოებას, საიმედო, ევროპული ტიპის ელექტროგადამცემი ქსელის შექმნას, ჰიდროენერგეტიკულ სექტორში ინვესტიციების მოზიდვას, შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს, გაზრდის ეკონომიკას და მოიტანს მეტ კეთილდღეობას”, - განაცხადა სულხან ზუმბურიძემ.

ქვესადგურ „ხორგა 220/110კვ“-ის მშენებლობის დაწყების საზეიმო ცერემონია 2015 წლის 31 ივლისს გაიმართა.