სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ კახეთში საცდელ-სადემონსტრაციო ნაკვეთები დაათვალიერა

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძემ კახეთში საცდელ-სადემონსტრაციო ნაკვეთები დაათვალიერა.როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორთან, ლევან უჯმაჯურიძესთან ერთად, კახეთის რეგიონში სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საცდელ-სადემონსტრაციო ნაკვეთები დაათვალიერა.

მათივე განცხადებით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ დუზაგრამაში, 3000 კვ.მ. საცდელ-სადემონსტარაციო ნაკვეთზე საშემოდგომო ხორბლის 2 ჯიშია („თბილისური-15“ და „ვარძია“) დათესილი. გარდა ერთწლოვანი კულტურებისა, დუზაგრამაში, ბუფერულ ზონებში გამოსაყენებლად გაშენებულია კიპარისისა და სმარაგდას 500-მდე ნერგი. სამინისტროს ცნობით, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ადგილზე გაეცნენ ბიოაგროწარმოებისთვის განკუთვნილ თავთავიანი კულტურებისა და წიწვოვანი მცენარეების ზრდისა და კვლევის მიმდინარე შედეგებს.

მათი ინფორმაციით, მინისტრის მოადგილემ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, შირაქის ველზე საშემოდგომო ხორბლის სელექციური სანერგეებიც დაათვალიერა, სადაც, ჯიშთა გამოცდის მიზნით, 2,5,ჰა-ზე გაშენებულია ხორბლის 36 გენოტიპი, საშემოდგომო ხორბლის #14 და ავსტრიული ჯიშის #12 სახეობები.

იური ნოზაძემ სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელთან ერთად, შპს „მარცვლეულის ლოჯისტიკის“ ნაკვეთებიც მოინახულა, სადაც 2 წელია მიმდინარეობს საშემოდგომო ხორბლის 32 ჯიშის გამოცდა და სამრეწველო მიზნებისთვის 130 ჰა-ზე მაღალი ხარისხის ხორბლის თესლის წარმოება.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, საცდელ ნაკვეთებზე ქართული და უცხოური ჯიშების სელექციური გამოცდა სეზონური ფენოკალენდარული წესების სრული დაცვით მიმდინარეობს. აღნიშნულ კულტურებზე მიმდინარე კვლევითი სამუშაოები ექსპერტების მიერ დადებითად შეფასდა და, შესაბამისად, წინასწარი პროგნოზით, მოსალოდნელია მაღალხარისხიანი მოსავლის მიღება.

მათივე ცნობით, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა ადგილობრივ ფერმერებს კვლევის შედეგად მიღებული ხარისხიანი და ადაპტირებული თესლი წელსაც შესთავაზეს, რაც კონკრეტულ რეგიონებში მოსავლიანობის ზრდის პირობაა.