საგზაო ნიშნები, რომლებსაც მძღოლები თითქმის არასდროს ემორჩილებიან

ავტოავარიების ერთ-ერთი მიზეზი საგზაო ნიშნების არდამორჩილებაა. გადატვირთული მოძრაობის დროსაც კი, მძღოლები, ისევე როგორც ქვეითად მოსიარულეები, ხშირად არღვევენ საგზაო მოძრაობის წესებს.

ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარის, დავით მესხიშვილის თქმით, ერთ-ერთი საგზაო ნიშანი, რომელსაც მძღოლები თითქმის არასდროს ემორჩიალებიან ზებრა გადასასვლელია.

ამას გარდა, როგორც ის ამბობს, ზებრა გადასასვლელები წაშლილია და ამის გამო მძღოლი ყურადღებას აღარ აქცევს.

მესხიშვილის თქმით, თეორიულად მძოლებმა იციან, რომ ზებრა გადასასვლელზე ქვეითებს გზა უნდა დაუთმონ, თუმცა, რადგანაც ჯარიმები დაწესებული არაა, ისინი ქვეითებს არ ატარებენ და თავად კვეთენ პირველები ზებრა ხაზებს.

"ხშირად საპატრულო პოლიციაც არ უთმობს გზას ქვეითად მოსიარულეებს. ამ პრობლემის მოსაგვარებლად საჭიროა ცნობიერების ამაღლება, რომ მძღოლებმა ეს წესი დაიცვან არა იმიტომ, რომ მათ დააჯარიმებენ, არამედ შეგნებულად და ადამიანურად, მაგრამ რადგან ასე არ გამოდის, საჭიროა საპატრულო პოლიციის მკაცრი რეაგირება ამ საკითხზე.

მხოლოდ 2015 წელს 170 ქვეითად მოსიარულე გარდაიცვალა.

სამწუხაროდ სახელმწიფოს არ აქვს ჩამოყალიბებული მიდგომა და არც ნება, ქვეითად მოსიარულეების პრობლემის გადასაჭრელად", - ამბობს დავით მესხიშვილი.

მისივე თქმით, პრობლემური ადგილებია ტროტუარები, სადაც დღეს ხალხის ნაცვლად ავტომანქანები დგას ან დადის.

"ტროტუარზე, სადაც პარკირება არ შეიძლება დაწესებულია 10 ლარიანი ჯარიმა, ჟარგონულად რომ ვთქვათ, ტროტურაზე პარკირება შეიძლება, ოღონდ 10 ლარად. თბილისის მერიამ, "სითი პარკთან" დაპირისპირებას გადააყოლა როგორც მძღოლთა, ისე ქვეითთა ინტერესები.

კიდევ ერთი პრობლემა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის განკუთვნილი პარკირების მონაკვეთია, ასევე პანდუსები ტროტუარებზე, სადაც მანქანებია გაჩერებული", - ამბობს დავით მესხიშვილი.

ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი საგზაო მოძრაობის წესებთან დაკავშირებულ რამდენიმე პროექტშია ჩართული, ერთ-ერთი პროექტია "გავხადოთ ჩვენი გზა" უსაფრთხო, რომლის ფარგლებშიც ფოტოგრაფი სკოლის მოსწავლეებს ხვდება და საგზაო მოძრაობის წესების შესახებ ესაუბრება.

განაგრძეთ კითხვა

თეა ბეჟიტაშვილი