დუბლინში გამართულ ბიზნესკონფერენციაზე საქართველოს შესახებ პრეზენტაცია გაიმართა

დუბლინში გამართულ ბიზნესკონფერენციაზე საქართველოს შესახებ პრეზენტაცია გაიმართა.როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გიორგი ზურაბაშვილმა ირლანდიის მეწარმეობის ხელშეწყობის სააგენტოსა (Enterprise Ireland) და ირლანდია-ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სავაჭრო პალატის (i-Cham) ერთობლივ ბიზნესკონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ეკონომიკური და საინვესტიციო პოტენციალის წარმოჩენას მიეძღვნა.

საქმეთა დროებითი რწმუნებული კონფერენციის მონაწილეების წინაშე მოხსენებით „საქართველო - სანდო ბიზნეს პარტნიორი აღმოსავლეთ ევროპაში” წარსდგა.

გიორგი ზურაბაშვილმა საკუთარ გამოსვლაში საქართველოში საერთაშორისო ბიზნესისა და ინვესტიციებისთვის არსებულ ხელსაყრელ გარემოზე, ბიზნეს საქმიანობის სიმარტივეზე, მოქნილ საგადასახადო სისტემაზე, კორუფციის დაბალ დონეზე, სტაბილურ პოლიტიკურ გარემოსა და სხვა მნიშვნელოვან ასპექტებზე ისაუბრა, რაც საქართველოს მიმზიდველს ხდის საერთაშორისო ბიზნესისთვის.

საგარეო უწყების ინფორმაციით, მან ასევე ვრცლად ისაუბრა ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების მოზიდვისა და ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით გატარებულ წარმატებულ რეფორმებზე. საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გამოხატა მზადყოფნა, შესაძლებლობების ფარგლებში, ხელი შეუწყოს საქართველოში საქმიანობის დაწყების მსურველ ირლანდიელ ბიზნესმენებს.

ღონისძიებას ირლანდიის ბიზნეს წრეების, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში მომუშავე საერთაშორისო კომპანიებისა და ირლანდიაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.