შვეიცარიელებმა უარი თქვეს სახელმწიფოსგან ყოველთვიურად 2 500 დოლარის მიღებაზე

შვეიცარიის მოსახლეობის 78%-მა  სახელმწიფოსგან 2500 დოლარის ოდენობის ყოველთვიურ ”გარანტირებულ შემოსავალზე” უარი თქვა.

"ბიბისის" ცნობით, ასეთია ქვეყანაში გუშინ ჩატარებული რეფერენდუმის წინასწარი შედეგები.

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული საკითხი ისეთ მაღალგანვითარებულ ქვეყნებს აინტერესებს, როგორიც ფინეთი და ჰოლანდიაა, მსოფლიოში პირველი ქვეყანა, რომელმაც რეფერენდუმი ჩაატარა, შვეიცარია იყო.

დამკვირვებლების განმარტებით, რეფერენდუმის კითხვა მკაფიოდ ჩამოყალიბებული არ იყო. დასმულ კითხვაში ყოველთვიური მუდმივი ანაზღაურების ოდენობა მითითებული არ იყო. მხარდამჭერები აცხადებენ, რომ აღნიშნული ინიციატივა უზრუნველყოფდა შვეიცარიელების უფლებას, ჰქონოდათ ღირსეული ცხოვრება.

შვეიცარიის არცერთი პოლიტიკური ძალა აღნიშნულ ინიციატივას მხარს არ უჭერდა, რადგან შიშობდა, რომ მოსახლეობა „პასუხისმგებლობისა და ინიციატივის შეგრძნებას“ დაკარგავდა.