რა შემთხვევაში შეიძლება აღდგეს მეაბრეშუმეობა

ჩვენს ქვეყანაში თუთა უხსოვარი დროიდან ხარობს. სულხან-საბა ორბელიანი ლექსიკონში წერს: "თუთა სხუათა ენაა. ქართულად ჟოლა ჰქვიან და ხართუთას - ტუტა". ეს ძველი სახელწოდება დასავლეთ საქართველოში დღემდეა შემორჩენილი, იქ თუთას ახლაც "ბჟოლას" ეძახიან. თუთის ფოთოლი შეუცვლელი საკვებია აბრეშუმის ჭიისთვის. გასული საუკუნის 60-იანი წლებისთვის საქართველოში ყოველწლიურად 4-4,5 ათას ტონა აბრეშუმის პარკს აწარმოებდნენ და ამ დარგში ათასობით ოჯახი იყო ჩართული.

1964 წლიდან ქვეყანაში თუთის საშიში დაავადება - ფოთლის სიხუჭუჭე გავრცელდა, რომელმაც მილიონობით ძირი თუთის ხე გაანადგურა. ამან მეაბრეშუმეობის დარგის კვდომა გამოიწვია. რა თავისებურებები ახასიათებს თუთას და როგორ შეიძლება გავახაროთ ეს მცენარე შინაურ პირობებში, ამის შესახებ გვიამბობს სწავლული აგრონომი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მთავარი სპეციალისტი სოფლის მეურნეობის საკითხებში აკაკი ღლონტი:

- თუთა უძველესი მცენარეული კულტურაა. ზოგიერთი მკვლევარი საქართველოს ამ მცენარის ერთ-ერთ სამშობლოდ მიიჩნევს, რასაც არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი ნაშთებიც ადასტურებს. თუთის ხეების სიმრავლემ საქართველოში მეაბრეშუმეობის განვითარებას შეუწყო ხელი. ქართველი მეცნიერები გულდასმით მუშაობდნენ თუთის ახალი ჯიშების გამოყვანაზე, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ჯიშები უმწეო აღმოჩნდნენ დაავადების წინაშე, რომელმაც 1960-70-იან წლებში საქართველოში თუთის პლანტაციები მთლიანად გაანადგურა. გადარჩა მხოლოდ თუთის ველური ფორმები. დღეს ეს დაავადება უკვე აღარ ჩანს, მაგრამ თუთის ხეების აღდგენა მეტად რთული საქმეა. განსაკუთრებით დაზარალდა დასავლეთი საქართველო, სადაც მეაბრეშუმეობა კარგად იყო განვითარებული, თუმცა აბრეშუმის პარკს აწარმოებდნენ კახეთშიც... რადგან საკვები ბაზა აღარ იყო, მოსახლეობამ დარგი თანდათან მიივიწყა. დღეს თუთას, როგორც ხილს, ოჯახებში ახარებენ. თუთა ვერც სიცივეს იტანს და ვერც გადაჭარბებულ გვალვას. თუ რამე დაავადება ან მავნებელი არ შეუჩნდა, 200-300 წელს და უფრო დიდხანსაც ცოცხლობს. თუთის ნაყოფი შეიძლება თეთრიც იყოს, შავიც და სხვა ფერისა, გააჩნია რა ჯიშისაა, სელექციით არის გამოყვანილი თუ ველური ჯიშია. ნაყოფით ამზადებენ უგემრიელეს მურაბებს, ტყლაპს, ბადაგს (ბექმეზი), რომელიც სამკურნალო თვისებისაა და თუთის თაფლსაც ეძახიან, ჩირს, ხდიან არაჩვეულებრივ არაყს. თუთის არაყი ცნობილია გემოთი და არომატით.

ძვირფასია თუთის მერქანიც. მისგან ძალიან კარგ მუსიკალურ ინსტრუმენტებს ამზადებენ - ჩონგურს, ფანდურს და სხვ. თუთის ხე უნიკალური მასალაა პარკეტისთვის და საშენი მასალებისთვისაც. თუთა შეიძლება გამოვიყენოთ ქარსაფარ ზოლებში, ეროზიასთან საბრძოლველად და ცოცხალ ღობეებად. ძალიან კარგია დეკორატიული თვალსაზრისითაც. ამ მცენარის ყველაზე მთავარი ღირსება მისი ფოთლებია. სწორედ ამ ფოთლებით იკვებება აბრეშუმის ჭია.

- დაახლოებით რამდენ ფოთოლს იძლევა თუთის ხე?

- 1 ჰა ფართობზე 9-10 ტონამდე თუთის ფოთლის დაკრეფა შეიძლება, ერთი ხიდან საშუალოდ 10-15 კგ ფოთოლი ჩამოდის. სელექციის გზით მიღებული თუთა უფრო მეტ ფოთოლს იძლევა, ვიდრე ბუნებრივ პირობებში გაზრდილი, რადგან ამ უკანასკნელის ფოთლები უფრო წვრილია და რაოდენობაც მცირე.

წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" 6 ივნისის ნომერში

ან გახდით გაზეთის ონლაინ-ვერსიის ხელმომწერი და წაიკითხეთ სტატია სრულად

ხათუნა ჩიგოგიძე