ნოდარ ხადური - ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით არ არის დარჩენილი არც ერთი საკითხი, რომელზეც ევროპელ კოლეგებს კითხვები აქვთ

ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის განცხადებით, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით საქართველოს ყველა აღებული ვალდებულება შესრულებული აქვს. ამის შესახებ ნოდარ ხადურმა ვიზალიბერალიზაციის მიღების შესაძლო გაჭიანურებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, არ არის დარჩენილი არცერთი საკითხი, რომელზეც კითხვის ნიშნები აქვს ევროპელ კოლეგებსა და მეგობრებს.

„უპირველეს ყოვლისა, უნდა ითქვას, რომ ჩვენ შესრულებული გვაქვს ყველა ის ვალდებულება და ამას აღნიშნავს აბსოლუტურად ყველა. არ არის დარჩენილი არცერთი საკითხი, რომელზეც კითხვის ნიშნები აქვთ ჩვენს ევროპელ კოლეგებსა და მეგობრებს. პროცესები მიმდინარეობს“, - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

მისივე თქმით, ამ პროცესში აქტიურადაა ჩართული საქართველოს საგარეო საქმეთა, იუსტიციისა და შს სამინისტროები.

„ასე რომ, დაველოდოთ პროცესების განვითარებას, საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ ივლიან ევროპაში“, - განაცხადა ნოდარ ხადურმა.