"სოტბის" აუქციონზე ფიროსმანისა და გუდიაშვილის ნამუშევრებს რუსულ სექციაში ხვალ გაიტანენ

ქართველი ხელოვანების - ნიკო ფიროსმანისა და ლადო გუდიაშვილის ნამუშევრებს ხვალ, 7 ივნისს ლონდონის „სოტბის“ სააუქციონო სახლი რუსული ხელოვნების ნიმუშების სექციაში გაყიდის.

„სოტბის“ სააუქციონო სახლის ვებგვერდის ინფორმაციით, ლადო გუდიაშვილის ფიროსმანის პორტრეტის - „ჩვენი ნიკო“ საწყისი ფასი 4 ათასი ფუნტია, ფიროსმანის „შველი წყლის პირას“ საწყისი ფასი კი 150 000 ფუნტიდან იწყება.

2015 წლის ივნისში ლონდონში, კრისტის აუქციონზე ნიკო ფიროსმანის „არსენალის მთა“ ასევე რუსული მხატვრობის სექციაში იყო განთავსებული. ნახატი საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა 1 486 100 დოლარად შეიძინა.

ფიროსმანის ნამუშევრის რუსულ სექციაში განთავსებასთან დაკავშირებით, გასულ წელს კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ განაცხადა, რომ ეროვნული მუზეუმი მუშაობდა საკითხზე და თუ აუქციონზე ქართული სექცია არ შეიქმნებოდა, ევროპის სექციიდან მომხდარიყო ქართველი ავტორების ნამუშევრებს გატანა. მიმდინარე წელს აუქციონზე ფიროსმანისა და გუდიაშვილის ტილოები კვლავ რუსულ სექციაშია, თუმცა მხატვრებს ფრჩხილებში მითითებული აქვთ წარმომავლობა - ქართველი.