მარკეტინგული ხრიკები მომხმარებლის გასატყავებლად

"წითელი ფასები"

ჩვენს ცნობიერებაში წითელი ფერი დიდი ხანია ფასდაკლებასთან ასოცირდება. შესაბამისად, სუპერმარკეტების ვიტრინებსა თუ დახლებზე დიდი წითელი ასოები "გვეძახიან", შევიძინოთ ფასდაკლებული პროდუქტი! თუმცა, "წითელი ფასები" ყოველთვის ხელსაყრელი როდია! შესაძლოა, ამა თუ იმ პროდუქტის ღირებულება უმნიშვნელოდ იყოს შემცირებული, ან სულაც უცვლელი, მაგრამ მომხმარებელი მაინც განწყობილია, შეიძინოს ასეთი საქონელი ცნობიერებაში აწ უკვე გამჯდარი ასოციაციის გამო.

დიდი ზომის ურიკები

სავაჭრო ურიკები 1938 წელს გამოიგონეს, თუმცა მათი ზომა უკანასკნელი 40 წლის განმავლობაში 2-ჯერ გაიზარდა. მარკეტინგული ხრიკიც სწორედ აქ იმალება - თუ ნახევრად ცარიელ ურიკას ვატარებთ, ქვეცნობიერად გვიჩნდება მისი გავსების სურვილი. შედეგად, ვყიდულობთ საჭიროზე მეტ პროდუქტს. ამიტომ, თუ სუპერმარკეტში დიდი მარაგის შესაძენად არ შედიხართ, უმჯობესია, ისარგებლოთ მომცრო კალათით - ფულსაც დაზოგავთ და საყიდლების ჩანთაც არ მოგწყვეტთ წელს.

გაპრიალებული ხილი შესასვლელში...

მკვლევარებმა მომხმარებლის ნებისყოფა გამოსცადეს - აღმოჩნდა, რომ საკმარისია, დასაწყისშივე გააკეთო არჩევანი მიმზიდველ პროდუქტზე, რომ შემდეგ ფულის ხარჯვის ჩარჩოებს გასცდე... სწორედ ამიტომ, გაპრიალებულ ხილსა თუ ბოსტნეულს მარკეტის შესასვლელთანვე აწყობენ. იმისათვის, რომ ქორფა პროდუქტის ასოციაცია გამოიწივონ, მათ წყლით ნამავენ, რაც, სინამდვილეში, ლპობას იწვევს. ხშირად, ლაპლაპი რომ გაუდიოდეს და მომხმარებელმა "ქორფა" ნაყოფს გულგრილად ვერ ჩაუაროს, ხილ-ბოსტნეულს სპეციალური ნივთიერებითაც კი ამუშავებენ. არადა, ეს "ახალი პროდუქტი" შესაძლოა, დახლზე გამოტანამდე საწყობში ერთ თვესაც კი ინახებოდა... რაც მეტ თანხას დახარჯავს მომხმარებელი "სასარგებლო" პროდუქტზე, სუპერმარკეტში მით მეტ მავნე პროდუქციას შეიძენს. მაგალითად, გაზიან სასმელებსა თუ ჩიფსებს.

რძის პროდუქტები მაღაზიის სიღრმეში

დაფიქრებულხართ, რატომ არის რძის ნაწარმი - ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნად პროდუქცია - მაღაზიის ბოლოში? საქმე ის გახლავთ, რომ მათი ძებნისას მომხმარებელს თვალში რაც შეიძლება მეტი პროდუქცია უნდა მოხვდეს...

მადისაღმძვრელი სურნელი

ხშირად საკონდიტრო ნაწარმი სუპერმარკეტების შესასვლელშივე იყიდება. ახალგამომცხვარი პურფუნთუშეული თუ სურნელოვანი ორცხობილა სანერწყვე ჯირკვლებს ააქტიურებს და პირის ჩატკბარუნების სურვილს გიჩენთ. ამასთან, სადეგუსტაციო დახლი მომხმარებელს ამა თუ იმ ნაწარმის დაგემოვნებას სთავაზობს. ამის შემდეგ კი თავს ვალდებულად მიიჩნევთ, შეიძინოთ შემოთავაზებული პროდუქტი...

იყიდე ერთი, "იჩუქე" მეორე!

პრომოუტერულ აქციებს ბოლო არ უჩანს - იყიდე ერთი შამპუნი და მიიღე მეორე საჩუქრად! ვერაფერს იტყვი, მშვენიერი შემოთავაზებაა... თუმცა, სანამ შამპუნს, ან სხვა პროდუქციას შეიძენთ, დაფიქრდით, გჭიდრებათ კი ის? ორი პროდუქტის თითქოს ერთის ფასად შეძენისას, თქვენ დიდ მოგებას ვერ ნახავთ, სუპერმარკეტების ბრუნვა კი იზრდება... ზოგჯერ ასეთი აქციებით ჩაწოლილ ან ვადაგასულ საქონელს ასაღებენ...

ათასი წვრილმანი სალაროსთან

ნებისმიერ სალაროსთან შეამჩნევთ საქონელს, რომელიც "სპონტანურად შეძენის" მარკეტინგულ ხრიკს მიეკუთვნება. ეს სუპერმარკეტების ბოლო შანსია, გაიძულოთ, ჯიბეგაფხეკილი გახვიდეთ შენობიდან. როგორც წესი, სალაროსთანაც გააყოლებთ რამეს ხურდაში... დიდი შენაძენის ფონზე, ერთი შოკოლადი ხომ წვრილმანია?!

ფასდაკლების ბარათები

სალაროსთან ფასდაკლების ბარათსაც გთავაზობენ. მცირე ფასდაკლება კი დიდი ხნით მიგაჯაჭვავთ სუპერმარკეტს. მუდმივი კლიენტი ხომ ოქროს საბადოა! დიდი ალბათობით, მორიგ შოპინგზე თქვენ ამ სუპერმარკეტში მეტად გაგატყავებენ...

რუსუდან შელია

ჟურნალი "TOP რეიტინგი"