დავით ნარმანია - მერიამ სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებით სახელფასო დანამატები 80%-დან 50%-მდე შეამცირა

თბილისის მერიამ სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებით, სახელფასო დანამატები 80%-დან 50%-მდე შეამცირა, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული დასკვნის კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, თბილისის მერიაში რაიმე სახის ცვლილება დანამატის გაზრდასთან დაკავშირებით არ ყოფილა, პირიქით, შემცირდა.

,,მაგალითისთვის, თუ 80%-იანი დანამატები გაიცემოდა, ეს 50%-მდე იქნა შემცირებული სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებით. ამ თვალსაზირით ჩვენთან სტაბილური მდგომარეობაა", - განაცხადა ნარმანიამ.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2015 წლის საქმიანობის ანგარიშის თანახმად, 2015 წელს წინა წელთან შედარებით, პრემიის სახით გაცემული თანხების შემცირების პარალელურად, მნიშვნელოვნად გაიზარდა დანამატის სახით გაცემული რესურსის მოცულობა და საერთო ჯამში, 2015 წელს „პრემიისა“ და „დანამატის“ მუხლებით გაცემული თანხების ოდენობამ (14 133 000 ლარით) 2014 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 4.9%-ით გადააჭარბა.