გიორგი ისაკაძე - ერთლარიან შეთავაზებაზე უარი თქვეს, რაც დასტურია, რომ არანაირი თემა ფინანსებთან დაკავშირებით არ არსებობდა

ერთლარიან შეთავაზებაზე მათ უარი თქვეს, რაც ჩემთვის დასტურია, რომ არანაირი თემა ფინანსებთან დაკავშირებით არ არსებობდა , - ამის შესახებ გადაცემების „ბიზნესკონტაქტის“, „საქმიანი დილისა“ და „ანალიტიკის“ პროექტების ყოფილმა მენეჯერმა გიორგი ისაკაძემ ტელეკომპანია „მაესტროში“ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც გიორგი ისაკაძემ აღნიშნა, სარჩელი მზადების პროცესშია.

„მე ვარ ჩემს გუნდთან ერთად. იმ შემთხვევაში თუ მათ სასამართლო პროცესთან დაკავშირებით რაიმე პრობლემა შეექმნათ, როგორც ყოველთვის ბოლო ორი წლის განმავლობაში ჰქონდათ, ახლაც ექნებათ ჩემი იმედი. ყველაფერი არის მშვიდად და კარგად, ყველაფერი გადასულია სასამართლოს პროცედურებში. მათ ერთლარიან შეთავაზებაზე უარი თქვეს, რაც ჩემთვის დასტურია, რომ არანაირი თემა ფინანსებთან დაკავშირებით არ არსებობდა. შესაბამისად, დანარჩენს ძალიან მშვიდად და საქმიანად გავარკვევთ სასამართლოში“, - განაცხადა გიორგი ისაკაძემ და დასძინა, რომ სარჩელი მზადების პროცესშია.

ტელეკომპანია „მაესტრომ“ გადაცემები „ბიზნესკონტაქტი“, „საქმიანი დილა“ და „ანალიტიკა“ სამაუწყებლო ბადიდან მოხსნა.

რამდენიმე დღის წინ გიორგი ისაკაძემ განაცხადა, რომ მზად არის ”ბიზნესკონტაქტისა” და ”საქმიანი დილის” პროექტების ხელმძღვანელობა სიმბოლურ ხელფასად - 1 ლარად გააგრძელოს.