ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ორგანიზებით, სასტუმრო „რუმს ჰოტელ თბილისში“ სამუშაო შეხვედრა გაიმართა თემაზე: „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში.“

სამუშაო შეხვედრა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს თავმჯდომარემ, ნოდარ ხადურმა და ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში კრისტიან ურსემ გახსნეს.

დისკუსია ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით არსებული საერთაშორისო სტანდარტებისა და მექანიზმების შესახებ და ამ მიმართულებით საქართველოს ძალისხმევაზე გაიმართა.

„ფულის გათეთრება და ტერორიზმის დაფინანსება თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთ სერიოზულ გამოწვევად რჩება. ამ მიმართულებით, საქართველოში უკვე რამდენიმე წელია ვმუშაობთ. შექმნილია უწყებათაშორისი საბჭო, რომელსაც ფინანსთა სამინისტრო ხელმძღვანელობს. დღეს შევიკრიბეთ უწყებათაშორისი საბჭოს ფარგლებში, რათა გავიზიაროთ ის გამოცდილება, რომელიც ჩვენს პარტნიორებს - ევროკავშირსა და ევროპის საბჭოს აქვთ აღნიშნული მიმართულებით. საქართველოს შემუშავებული აქვს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგია, რომლის განხორციელებაც უკვე დაწყებულია და ყველა ის ვალდებულება, რომელიც საქართველოს აღებული ჰქონდა, შესაბამისობაში მოდის, მათ შორის, ვიზალიბარალიზაციის პროცესთან და შესრულებულია“, - აღნიშნა ნოდარ ხადურმა.

ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის საქართველოში კრისტიან ურსეს განცხადებით, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ორგანიზებით მიმდინარე შეხვედრაზე, საქართველოში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხების განხილვა მიმდინარეობს.

”მოხარულები ვართ, რომ აღნიშნულ შეხვედრას ესწრებიან ჩვენი ექსპერტები, რომლებსაც სერიოზული გამოცდილება აქვთ აღნიშნული მიმართულებით. უწყებათაშორისო საბჭოს წევრებთან ერთად, ასევე, ვისაუბრებთ იმ ღონისძიებების შესახებ, რომელიც საქართველომ სამომავლოდ უნდა გადადგას ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. ეს ეხება როგორც კანონმდებლობის გაუმჯობესებას, ისე ადამიანური რესურსების გაძლიერებას,“ - განაცხადა კრისტიან ურსემ.

სამუშაო შეხვედრის მონაწილეებმა ასევე განიხილეს ფულის გათეთრების საწინააღმდეგო ქმედებათა შემფასებელ ექსპერტთა ევროპის საბჭოს კომიტეტის (MONEYVAL) 2012 წლის საქართველოს შეფასების ანგარიში და რეკომენდირებული სამოქმედო გეგმა, ქვეყნის ეროვნული AML/CFT სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რისკების შეფასების ანალიზის დოკუმენტები.

განხილვაში სხვადასხვა სამთავრობო უწყების წარმომადგენლებმა, საერთაშორისო და ადგილობრივმა ექსპერტებმა მიიღეს მონაწილეობა.