თბილისში "ვეფხისტყაოსნის" მოტივებზე აშენებული სასტუმრო აგვისტოში გაიხსნება

,,ვეფხისტყაოსნის” მოტივებზე დაყრდნობით აშენებული სასტუმრო თბილისის ცენტრში 17 აგვისტოს გაიხსნება.

5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროექტს საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატა ახორციელებს. 

როგორც ისრაელ-საქართველოს ბიზნეს პალატის მენეჯერმა ანა კვირიკაშვილმა ,,ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა, დიზაინთან დაკავშირებული საკითხები უკვე სრულად გადაწყვეტილია და პროექტის საბოლოო სახეზე არქიტექტორმა კახა დეკანოიძემ იმუშავა.

,,ტენდერში მონაწილეობა მიიღო შვიდმა მონაწილემ. საბოლოო ჯამში, ერთმა არქიტექტორმა შეაჯამა ესკიზები მათი ნამუშევრიდან. სასტუმროში 10 ნომერი განთავსდება და როგორც თავიდანვე იყო ჩაფიქრებული, თითოეული მათგანი ,,ვეფხისტყაოსნის” სხვადასხვა მთავარი პერსონაჟის სახელობის იქნება.

ქვები, რომლებიც ბარელიეფისა და შესავლელისთვის იქნება გამოყენებული, რუსთაველის პერიოდისაა - ეს 850 წლის წინანდელი ქვები იერუსალიმიდან ჩამოდის თბილისში, განსაკუთრებული ნებართვით, ექსკლუზიურად ბუტიკ-სასტუმრო რუსთაველისთვის”, - აღნიშნა ანა კვირიკაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, სასტუმრო, ძირითადად, ისრაელიდან ჩამოსულ VIP სტუმრებზე იქნება გათვლილი.

ქრისტინე გამთენაძე