კულტურის სამინისტრო - ”სოტბის” აუქციონზე ფიროსმანის და გუდიაშვილის ნამუშევრების რუსული სექციიდან გადასატანად მუშაობა მიმდინარეობს

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს განმარტებით, ”სოტბის” აუქციონზე ქართველი ავტორების რუსული ხელოვნების ნიმუშების სექციიდან სხვა სექციაში სწრაფად გადასატანად მუშაობა გრძელდება.

როგორც კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, თემაზე კომენტირებისას განაცხადეს, პროცესში ჩართულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და საქართველოს საელჩო ბრიტანეთში.

”19 მაისს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ საგარეო საქმეთა სამინისტროს თხოვნით მიმართა, რომ ”სოტბისა” და ბრიტანეთში მდებარე სხვა სააუქციონო სახლებისთვის ხმა მიეწვდინათ. ძალიან სწრაფი ჰქონდა რეაგირება საგარეო საქმეთა სამინისტროს. მათ სასწრაფოდ გააგზავნეს წერილი ბრიტანეთის საელჩოში თამარ ბერუჩაშვილთან, რომელსაც ასევე სწრაფი რეაგირება ჰქონდა. მან ოფიციალური წერილებით მიმართა ”სოტბის” აუქციონს, ასევე, მაკდუგალის სააუქციონო სახლს, ბრიტანეთში, სადაც ასევე გადიოდა ლადო გუდიაშვილის ნამუშევარი. ამ წერილზე რეაქცია იყო ის, რომ მაკდუგალის სააუქციონო სახლმა გუდიაშვილის ნახატთან დაკავშირებით პრესრელიზის გავრცელებისას მიუთითა, რომ გუდიაშვილი წარდგენილი იყო რუსული და ქართული ხელოვნების აუქციონზე. რაც შეეხება ”სოტბის” აუქციონს, ნიკო ფიროსმანზეც და ლადო გუდიაშვილზეც ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ისინი ქართველი ავტორები არიან, თუმცა სექცია ამ ეტაპზე ისევ რუსული ხელოვნების არის. მაგრამ ბრიტანეთის საელჩო, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ასევე ჩვენთან ერთად აგრძელებს მუშაობას იმ მიმართულებით, რომ რაც შეიძლება სწრაფად შევძლოთ და გადავიტანოთ ჩვენი ავტორები სხვა სექციაში, მაგალითად, თანამედროვე აღმოსავლეთის სექციაში, სადაც წელს წარდგენილია ავთო ვარაზი”, - განმარტავენ კულტურის სამინისტროში.

მათივე თქმით, ავტორების სხვა სექციაში გადატანა ხვალ, სავარაუდოდ, ვერ მოესწრება.

”ინტერპრესნიუსის” კითხვაზე, რატომ ვერ მოხერხდა ცვლილება აქამდე, სამინისტროს განმარტებით, მუზეუმის წარმომადგენლების ინფორმაციით, სექციის ცვლილება საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესია.

ქართველი მხატვრების - ნიკო ფიროსმანის და ლადო გუდიაშვილის ნამუშევრებს 7 ივნისს ლონდონის „სოტბის“ სააუქციონო სახლი რუსული ხელოვნების ნიმუშების სექციაში გაყიდის.

„სოტბის“ სააუქციონო სახლის ვებგვერდის ინფორმაციით, ლადო გუდიაშვილის ფიროსმანის პორტრეტის - „ჩვენი ნიკო“ საწყისი ფასი 4 ათასი ფუნტია, ფიროსმანის „შველი წყლის პირას“ საწყისი ფასი კი 150 000 ფუნტიდან იწყება.

2015 წლის ივნისში, ლონდონში, კრისტის აუქციონზე ნიკო ფიროსმანის „არსენალის მთა“ ასევე რუსული მხატვრობის სექციაში იყო განთავსებული. ნახატი საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა 1 486 100 დოლარად შეიძინა.

ფიროსმანის ნამუშევრის რუსულ სექციაში განთავსებასთან დაკავშირებით, გასულ წელს კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ განაცხადა, რომ ეროვნული მუზეუმი მუშაობდა საკითხზე და თუ აუქციონზე ქართული სექცია არ შეიქმნებოდა, ევროპის სექციიდან მომხდარიყო ქართველი ავტორების ნამუშევრების გატანა. მიმდინარე წელს აუქციონზე ფიროსმანისა და გუდიაშვილის ტილოები კვლავ რუსულ სექციაშია, თუმცა ორივე მხატვარს ფრჩხილებში მითითებული აქვს - ქართველი.