დიმიტრი ქუმსიშვილი ისლანდიის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრს შეხვდა

ქალაქ ბერნში, 27 ივნისს, საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციას (EFTA) შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას მოეწერება ხელი. ამის შესახებ განცხადება ისლანდიის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრმა საქართველოს ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.

როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აცხადებენ, რაგნჰეიდურ ელინ არნადოტირი პირველი ისლანდიელი მაღალჩინოსანია, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

”ვიცე-პრემიერთან შეხვედრის მთავარი თემა ორ ქვეყანას შორის, EFTA-ს ფარგლებში, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება იყო. თავდაპირველად, EFTA-ს ქვეყნებთან, რომელშიც 4 სახელმწიფო - შვეიცარია, ისლანდია, ნორვეგია და ლიხტენშტეინი შედიან, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დასასრულებლად გათვალისწინებული იყო ოთხი რაუნდი, თუმცა მხარეებს შორის ეფექტური და ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად, აღნიშნული მოლაპარაკებებები წარმატებით სამ რაუნდში დასრულდა”, - განმარტავენ ეკონომიკის სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, დიმიტრი ქუმსიშვილთან შეხვედრაზე ისლანდიურმა მხარემ ორ ქვეყანას შორის განახლებადი ენერგიის სფეროში თანამშრომლობა განიხილა. მხარეებმა ინვესტიციების მოზიდვისა და კინოინდუსტრიის განვითარების კუთხით გამოცდილების გაზიარებაზეც ისაუბრეს. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო პროექტს ისლანდიისა და საქართველოს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ.

”საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს საექსპორტო ბაზრებისა და ნაკადების დივერსიფიკაციის გზით ექსპორტის ხელშეწყობა წარმოადგენს. EFTA-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების შედეგად, საქართველოში წარმოებული საქონლისა და მომსახურებისთვის მაღალმსყიდველუნარიანი ბაზარი გაიხსნება. EFTA ოთხ ქვეყანას და 13 მილიონზე მეტ მომხმარებელს აერთიანებს. საქონლისა და მომსახურების თავისუფალი გადაადგილება ხელს შეუწყობს საქართველოს საექსპორტო და საინვესტიციო პოტენციალის ზრდას, ასევე ახალი საწარმოებისა და სამუშაო ადგილების გაჩენას. აღსანიშნავია, რომ ეს იქნება ვაჭრობის სფეროში პირველი საერთაშორისო შეთანხმება, რომელსაც საქართველო ისლანდიასთან, ნორვეგიასა და ლიხტენშტეინთან გააფორმებს”, - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.