სოციალურად დაუცველებსა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებს შორის შემდეგი შეხვედრა 9 ივნისს გაიმართება

გუდამაყრის ქუჩის #2-ში მცხოვრებ სოციალურად დაუცველებსა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებს შორის შემდეგი შეხვედრა 9 ივნისს გაიმართება.

როგორც ეკონომიკის სამინისტროში გამართული შეხვედრის მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაცია EMC-ის სოციალური კვლევების პროგრამის დირექტორმა ლინა ღვინიანიძემ განაცხადა, შეთანხმება შედგა შემდეგი შეხვედრის ჩანიშვნის შესახებ, თუმცა არ მომხდარა მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე შეთანხმება. ლინა ღვინიანიძის ინფორმაციით, სამინისტრომ გარკვეული დრო ითხოვა, რათა საკითხში უკეთ გარკვეულიყო.

„მხარეებს შორის შეთანხმება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე არ შემდგარა, რადგან სამინისტრომ განაცხადა, რომ ახლა დაიწყო ამ საკითხის შესწავლა და აქამდე არ ჰქონია ინფორმაცია სოციალურად დაუცველების პრობლემაზე. შეთანხმება შედგა იმაზე, რომ ხუთშაბათს გაიმართება განმეორებითი შეხვედრა, სადაც სამინისტროს ექნება მეტი ინფორმაცია იმ პოზიციებზე, თუ რა შეიძლება შესთავაზოს ადამიანებს საკითხის გადასაწყვეტად“, - განაცხადა EMC-ის სოციალური კვლევების პროგრამის დირექტორმა ლინა ღვინიანიძემ.

ეკონომიკის სამინისტროში სოციალურად დაუცველებსა და სამინისტროს წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დაახლოებით 3 საათი გაგრძელდა. გუდამაყრის ქუჩა #2-ში, ყოფილი კარდეოლოგიურ კლინიკაში შესახლებული სოციალურად დაუცველები მოითხოვენ სოციალური პირობების გაუმჯობესებას და ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის შეყვანას. მათ ამ მოთხოვნით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართეს.

ამ დროისთვის აქცია დასრულებულია.