ლეგენდარული მე-9 და მე-10 ბლოკები ძმებმა ბეჟუაშვილებმა შეიძინეს

გასულ კვირას დასრულდა გრძელვადიანი მოლაპარაკებები, რომლის თანახმადაც რუსულმა ენერგოჰოლდინგმა "ინტერ რაომ" კომპანია "მტკვარი ენერგეტიკას" აქციების 100% გაყიდა. შესაბამისი ინფორმაცია, ჰოლდინგის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. არსებული ინფორმაციის თანახმად, "მტკვარი ენერგეტიკას" ახალი მფლობელი "საერთაშორისო ინვესტორთა კონსორციუმი" გახდა.

არსებული ინფორმაციით, "საერთაშორისო ინვესტორთა კონსორციუმთან" ერთად, აქტივების ნაწილი ქართულ ჰოლდინგ "საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფს" (GIG) ეკუთვნის. "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის" მფლობელები კი, ძმები ბეჟუაშვილები არიან. "ინდუსტრიული ჯგუფის" ერთ-ერთი დირექტორი გელა ბეჟუაშვილია. ბეჟუაშვილი 2005-2008 წლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, მანამდე, 2004-ში კი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი. გელა ბეჟუაშვილი 2004-2005 წლებში ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად მუშაობდა. მისი ძმა, ბიზნესმენი დავით ბეჟუაშვილი კი, 1994 წლიდან ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული ორი კომპანიის CHEMEXIM INTERNATIONAL LTD-სა და KEMBLE TRADING LTD-ის პარტნიორია. სწორედ CHEMEXIM INTERNATIONAL LTD არის საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის მფლობელი.

ამჟამად "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ჰოლდინგია საქართველოში. მისი ბიზნეს პორტფელი მოიცავს ნახშირის მოპოვებას, ელექტროენერგიის გამომუშავებას, ბუნებრივი აირით ვაჭრობასა და უძრავი ქონების მართვას.

"საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" ასევე, ფლობს "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციას" (სსეკ) რომლის მფლობელობაშია მცირე ჰიდროელექტროსადგური, ნახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგური და გაზზე მომუშავე თბოელექტროსადგური. კომპანიის მთლიანი დადგმული სიმძლავრე 362 მგვტ-ს წარმოადგენს, აქედან 49 მგვტ ჰიდროელექტროსადგურებს, 13.2 მგვტ ნახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურს და 300 მგვტ გაზზე მომუშავე ეგრეთწოდებულ მე-3 და მე-4 ბლოკებს უჭირავს.

2014 წელს, სსეკ-მ ადგილობრივი ბაზრის ზამთრის ენერგიის 15% გამოიმუშავა, ხოლო წლიურმა გამომუშავებამ 9% შეადგინა. სსეკ წარმოდგენილია ბუნებრივი აირის, როგორც საცალო, ისე საბითუმო ბაზრებზე, გაყიდვების პორტფელის 40% და 60%-ის შესაბამისი განაწილებით. ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით სსეკ-ს გაზის დივიზიონი 31 შეკუმშული ბუნებრივი აირის სადგურს მართავს.

გარდა ამისა, გასულ წელს, ჩინეთის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ბიზნეს ჯგუფ Dongfang Electric Corporation-სა და "საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფს" შორის, ტყიბულის მუნიციპალიტეტში 150 მეგავატიანი ელექტროსადგურის მშენებლობის თაობაზე მემორანდუმი გაფორმდა. ეს არის ნახშირის თბოსადგური, რომლის მშენებლობა ტყიბულში იგეგმება. აღნიშნული თბოსადგურის მშენებლობის საინვესტიციო მოცულობა კი, დაახლოებით 200 მილიონს შეადგენს.

ახლა კი, რაც შეეხება იმას, თუ რატომ გაყიდა რუსულმა ენერგოგიგანტმა ქართული აქტივები. პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ აღნიშნული თბოსადგურების მუშაობამ, მისი ძველი მოდიფიკაციის გამო, რენტაბელობა დაკარგა. იმდენად, რამდენადაც ძველი თბოსადგურის მარგი ქმედების კოეფიციენტი, თანამედროვე ტიპის სადგურებთან შედარებით, ძალიან დაბალია, რაც წმინდა ფინანსური კუთხით, "ინტერ რაოსთვის" მიუღებელი აღმოჩნდა. ასევე, ხაზგასასმელია, რომ ეგრეთ წოდებული მე-10 ბლოკი საერთოდ აფეთქებულია და მისი სამუშაო რეჟიმში ჩაყენება საკმაოდ დიდ ინვესტიციას მოითხოვს. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ "ინტერ რაომ" ახალ "თავის ტკივილს" თავი აარიდა და ძველი, არარენტაბელური სადგურების რემონტის ნაცვლად, უბრალოდ მოიშორა აღნიშნული აქტივები.

ამ მოსაზრების დასტურად, ძალიან მარტივად შეიძლება მოვიშველიოთ თბოსადგურების ტარიფები. შპს "მტკვარი ენერგეტიკის" (თბილსრესის #9 ბლოკი) ტარიფი (ზედა ზღვარი) - 8,092 თეთრი კვტსთ. შპს "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია" (თბილსრესის #3, 4 ბლოკები) ელექტროენერგიის წარმოების ზღვრული ტარიფი (ზედა ზღვარი) კი, 9,134 თეთრი/კვტსთ. ხოლო, მაგალითად, ახალი "გარდაბნის თბოსადგურის" ზღვრული ტარიფი, (ზედა ზღვარი) 6.659 თეთრი (კვტსთ-ით განისაზღვრა. შესაბამისად, გამოდის, რომ ტარიფში ისევ ძველმოდური და არარენტაბელური თბოსადგურის მიერ გამომუშავებული ტარიფი უნდა დარჩეს.

აღნიშნულ გარიგებასთან დაკავშირებით, ასევე, გაჩნდა კითხვები, თუ რამდენად აისახება აღნიშნული გარიგება ელექტროენერგიის წარმოების ტარიფზე. რა თქმა უნდა, ლოგიკურია, რომ "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" ახალი აქტივების გასარემონტებლად, გარკვეული ტიპის ინვესტიციებს განახორციელებს. რამდენადაც, მე-9 და მით უმეტეს მე-10 ბლოკები აუცილებლად საჭიროებენ სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას. ეს კი, რასაკვირველია, ტარიფში უნდა აისახოს, რადგან კომპანიამ განხორციელებული ინვესტიციის დაბრუნება შეძლოს. შესაბამისად, ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული ბლოკების რეაბილიტაციის შემდეგ, წარმოების ტარიფი აუცილებლად გაიზრდება.

გარდა ამისა, საკითხავია საერთოდ რამდენად საჭირო იყო ერთიან ენერგეტიკულ ქსელში ამ ორი სადგურის არსებობა? რა თქმა უნდა, ქსელში თბოსადგურის არსებობა აუცილებელია, იმდენად, რამდენადაც თბოსადგურები ქმნიან გარანტირებული სიმძლავრის სარეზერვო წყაროებს. ამ შემთხვევაში, ზემოთ ხსენებულ, ახალ "გარდაბნის თბოსადგურს" შეუფერხებლად შეუძლია მთლიანი ქსელის დარეზერვება და ამ კუთხით მოძველებული თბოსადგურების ჩართვა საჭირო არ არის. გამოდის, რომ აღნიშნული თბოსადგურები როგორც ზევით ვთქვი, უბრალოდ შედარებით, ძვირიანი (თუმცა იმპორტირებულზე იაფიანი) ელექტროენერგიის წარმოების როლს ინარჩუნებენ.

აღნიშნული გარიგების შესახებ, ასევე, გაჩნდა კითხვები იმასთან დაკავშირებით, შეიძლება თუ არა, რომ ამ აქტივების გასხვისებით რუსულმა ენერგოგიგანტმა ნელ-ნელა დაიწყოს საქართველოს ბაზრის დატოვება. რა თქმა უნდა, ასეთი რადიკალური მოსაზრება საფუძველს მოკლებულია და ბუნებრივია, "ინტერ რაოს", "საქართველოს დათმობა" განსაზღვრული არ აქვს. უნდა ითქვას, რომ აწ უკვე გასხვისებული თბოსადგურების ფლობა, რუსული ენერგოგიგანტისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებს არ წარმოადგენდა. შესაბამისად, ზემოთ მოყვანილი აქტივების გასხვისება, მხოლოდ კომერციულ ინტერესებზე ორიენტირებულ გადაწყვეტილებად უნდა იქნას აღქმული.

ამასთან, როგორც "ინტერ რაოს" მმართველი საბჭოს წევრმა ილნარ მირსიაპოვმა განაცხადა, ჰოლდინგის გრძელვადიანი სტრატეგია ბიზნესის განვითარებას რუსეთის ტერიტორიაზე ითვალისწინებს, თუმცა კომპანია საქართველოში მუშაობის შეწყვეტას არ გეგმავს.

"ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოში აქტიურ მუშაობას როგორც ჰიდროგენერაციის სფეროში, ისე ელექტროენერგიის განაწილებისა და გაყიდვის სეგმენტში", - განაცხადა მირსიაპოვმა.

ანდრო ღამბაშიძე

გაზეთი "ბანკები და ფინანსები"