იანვარ-მაისში საქართველოდან ღვინის ექსპორტი 44%-ით გაიზარდა

გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 2016 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან ღვინის ექსპორტი 44%-ით გაიზარდა.

როგორც ღვინის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, 2016 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან მსოფლიოს 34 ქვეყანაში ექსპორტირებულია 15 053 106 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 44%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს.

საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 35,04 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 16%-ით მეტია გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე.

საანგარიშო პერიოდისთვის ექსპორტის მატება აღსანიშნავია როგორც ევროკავშირის ქვეყნების, ისე ჩინეთისა და სხვა ტრადიციული ბაზრების მიმართულებით: ჩინეთი - 106% (1 242 523), უკრაინა - 73% (1 853 663), რუსეთი - 59% (7 560 974), ბელორუსი - 77% (262 838), ლიტვა - 46% (244 368), პოლონეთი - 30% (835 792), ესტონეთი - 17% (236 496), ყირგიზეთი - 171% (107 646), გერმანია - 31% (141 328), კანადა - 25% (77 100), დიდი ბრიტანეთი - 79% (52 126) და სხვა.

ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: რუსეთი - 7 560 974 ბოთლი; უკრაინა -1 853 663 ბოთლი; ყაზახეთი- 1 620 046 ბოთლი; ჩინეთი - 1 242 523 ბოთლი; პოლონეთი - 835 792 ბოთლი.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, მსოფლიოს 13 ქვეყანაში ექსპორტირებულია 3 330 333 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 69%-ით აღემატება 2015 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 7,7 მლნ აშშ დოლარის ღირებულების - ზრდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 35%-ს აღწევს.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მთლიანობაში ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა საანგარიშო პერიოდში 61,1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. გასული წლის 5 თვის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 45,5 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე