მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსით უკვე 50 გადამხდელი სარგებლობს

მთავრობის გადაწყვეტილებით, მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსით უკვე 50 გადამხდელი სარგებლობს.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის განკარგულებით, მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი დამატებით 13 გადამხდელს მიენიჭა.

მაღალმთიან რეგიონებში, სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის, მოქმედებს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული შეღავათები, მათ შორის, მაღალმთიანი დასახლების საწარმოთათვის.

როგორც ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა განაცხადა, უკვე 50-მა კომპანიამ ისარგებლა ამ შესაძლებლობით. „აღნიშნული კომპანიების მიმართ უკვე დაიწყება კანონმდებლობით გათვალისწინებული შეღავათების გავრცელება. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით, მათ შორის, ინფორმაციის მიწოდების თვალსაზრისით, რათა, რაც შეიძლება მეტი საწარმო დაფუძნდეს მაღალმთიან რეგიონებში და მათ მიეცეთ შესაძლებლობა, გამოიყენონ ეს შეღავათები“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

აღნიშნული საწარმოების საქმიანობა მოიცავს ისეთ სფეროებს როგორებიცაა: ავეჯის, სამშენებლო მასალის, ღვინის, ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების, ბოსტნეული კულტურების, ყველისა და პურ-ფუნთუშეულის წარმოება, რძის გადამუშავება, მეფრინველეობა და სხვა.

მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მოპოვების შემდეგ, 10 წლის ვადით, იურიდიული პირები თავისუფლდებიან მოგებისა და ქონების გადასახადისგან, ხოლო მეწარმე ფიზიკური პირები თავისუფლდებიან ქონებისა და საშემოსავლო გადასახადისგან.

მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მისაღებად, მეწარმე სუბიექტმა განცხადებით (წერილობითი ან ელექტრონული ფორმით) უნდა მიმართოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს. შემოსავლების სამსახური განცხადებას, მიღებიდან არაუგვიანეს 60 დღის ვადაში, თანდართულ მასალებთან ერთად წარუდგენს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს მთავრობის სხდომაზე განხილვის მიზნით.

საბოლოოდ, მეწარმე სუბიექტისთვის მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭების შესახებ განკარგულებას საქართველოს მთავრობა გამოსცემს.