ივანიშვილი კრიტიკოსებს ეკონომიკურ ფორუმზე ეპატიჟება

ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილი კრიტიკოსებს 21 ივნისს ეკონომიკურ ფორუმზე ეპატიჟება.

ამის შესახებ ივანიშვილმა დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.

„საჯაროდ ვიწვევ ყველას, ვინც ეკონომიკა იცის, ვინც ოპოზიციურად არის განწყობილი მთავრობის მიმართ და გთხოვთ, გავაშუქოთ ეს ყველაფერი. სპეციალისტებს დაუსაბუთეთ, რისი გაკეთება შეიძლებოდა და ვერ გააკეთა ხელისუფლებამ. 7-ჯერ ჩატარდა ეს ფორუმი და 7-ვეჯერ ეს საკითხი დაისვა. მე მოლოდინი მქონდა, რომ ოპოზიციურად განწყობილი სპეციალისტები რაღაც იდეებს შემოიტანდნენ, ჯერჯერობით მსგავსი ვერაფერი ვნახეთ და კიდევ ვეძახი - მობრძანდნენ“, - განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, მას არანაირი აგრესია არ აქვს ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების მიმართ, რომლებსაც საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ - პირიქით, თანაგრძნობით არის გამსჭვალული და ფიქრობს, როგორ დაეხმაროს.