ივანიშვილი -  სოფლის მეურნეობა ეკონომიკის ორთქმავალი ვერ იქნება და ასეთი ქვეყანა განვითარებული ქვეყნების რიგში ვერ ჩადგება

სოფლის მეურნეობა ეკონომიკის ორთქმავალი ვერ იქნება, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, მისი ღია წერილის ეკონომიკურ ნაწილზე ”ახალი პოლიტიკური ცენტრის - გირჩის” თავმჯდომარის ზურაბ ჯაფარიძის გამოხმაურებას გაეცნო.

”სხვათა შორის, ბევრი კარგი აქცენტი იყო, ბევრში არ ვეთანხმები, რადგან ის ციფრებით მანიპულირებას აკეთებს, თუმცა ეკონომიკის არცოდნას ვერ დავაბრალებ. ერთ-ერთ კითხვას მისვამს - აგრარული მიმართულება იქნება ჩვენი ძირითადი წამყვანიო? რა თქმა უნდა, ვერა. სოფლის მეურნეობა ეკონომიკის ორთქმავალი ვერ იქნება და ასეთი ქვეყანა განვითარებული ქვეყნების რიგში ვერ ჩადგება. ამაზე აქცენტს ისიც აკეთებს, თუმცა იქ ციფრებით მანიპულაციაა”, - განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ ”ეს პროპორცია ბიუჯეტში უნდა დაირღვეს, თანხა წავიდეს განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით და ხალხი ამას გაგებით უნდა მოეკიდოს”.