ბიძინა ივანიშვილი - რეგიონულ ხელისუფლებაში კვალიფიკაციის პრობლემა გვაქვს

რეგიონულ ხელისუფლებაში კვალიფიკაციის პრობლემა გვაქვს, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ”პალიტრანიუსის” ჟურნალისტის ემა ტუხიაშვილის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

ჟურნალისტის შეკითხვის თანახმად, ბიზნესმენები ხშირად აღნიშნავენ, რომ მოიხსნა პოლიტიკური წნეხი, თუმცა ძალიან ბევრი ბარიერი ხვდებათ ბიუროკრატიის თვალსაზრისით დაბალ და საშუალო სახელისუფლებო რგოლებში, ხოლო რეგიონებში უფრო მძიმე მდგომარეობაა და დაბალ და საშუალო სახელისუფლებო რგოლებში ვერ იღებენ გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად. ჟურნალისტი დაინტერესდა, თუ რას უკავშირდება ეს - დაბალ კვალიფიკაციას თუ სხვა რამეს.

”რაც შეეხება რეგიონალურ ხელისუფლებას, დაგეთანხმებით, რომ კვალიფიკაციის პრობლემა გვაქვს და უნდა იყოს კიდეც. გუნდის ბევრი წევრი იყო წინააღმდეგი ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის, რომელიც კბილებით გავიტანეთ. დღესაც ძალიან ბევრი შფოთავს, რომ გამგებელს ვერაფერს მოუხერხებ და არაფერი ესმის, თან ამ დროს არაფერი იცისო. საიდან გინდა მოიყვანო ამდენი მცოდნე გამგებელი? მაგრამ თუ გინდა რომ იყოს მომავალში ეს უბედურება უნდა ავიტანოთ, ამ სიტუაციაში ვმართავთ და მთავრობის ეფექტიანობის თვალსაზრისით რეიტინგებში გვაქვს მაქსიმალური შედეგი. პრემიერ-მინისტრობისას რამდენიმე გამგებელს შევხვდი. გამგებლები მეუბნეოდნენ ამა თუ იმ საკითხზე თუ უფლებას მომცემთ, მე კი ვეუბნეოდი, რომ კანონით უფლება ჰქონდათ, თუმცა ამას ვერ აცნობიერებდნენ. ამის გაცნობიერების პროცესი მიდის. ზოგმა ზედმეტად გამოიყენა ეს უფლებამოსილება, მაგრამ ზოგს ამის მოსმენა არ უნდა, რადგან არჩეულია და ხელს ვერავინ შეახებს. აკლიათ კვალიფიციურობა, მართვის გამოცდილება არ აქვთ და არ იციან ეკონომიკა. დღეს მთავრობა არის მაქსიმალურად ხალხის სამსახურში. ადრე იყო მთავრობა, რომელიც გვიმსახურებდა მთელ საზოგადოებას, დღეს გვყავს მთავრობა, რომელსაც ხალხი აკონტროლებს, ხალხს უსმენს და ვერავინ იტყვის, რომ კორუფციაა”, - განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, ყველა მინისტრი მოწოდებულია ბიზნესს მაქსიმალური ლობირება გაუწიოს.

”ვერცერთ მაგალითს ვერ დაასახელებთ, რომ ვინმე ვინმეს ჯიბეში ძვრება. მე უამრავი მდიდარი ბიზნესმენი ვნახე, რომლებიც ოცნებობენ საქართველოში ბიზნესის კეთებაზე, განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა სივრციდან წამოსულები, რომელთათვისაც ევროპა უფრო უცხოა, ხოლო საქართველოში შექმნილი გარემო ძალიან მოწონთ. ცენტრალური ხელისუფლება პრემიერ-მინისტრის მეთაურობით, მოწოდებულია და ვალდებულებად აქვთ, რომ მაქსიმალური მხარდაჭერა გამოუცხადონ ბიზნესს. ისევ ზურაბ ჯაფარიძის წერილს მოვიყვან, რომელიც აკრიტიკებს რუსული ბაზრის გახსნას - რუსეთზე რომ დრო არ დაგეხარჯათ, უფრო მეტს გააკეთებდითო, რაც არასწორია. რუსულ ბაზარზე თავს იკლავს მთელი მსოფლიო და ევროპა, რომ პოზიცია ჰქონდეთ და ჩვენ გვიყიჟინებენ - არაო. კანონმდებლობას რაც შეეხება, კარგი იქნება თავად ბიზნესმენებმა დააფიქსირონ, თუ რომელი კანონი უშლით ხელს განვითარებაში”, - განაცხადა ივანიშვილმა.