ფიროსმანის "შველი წყლის პირას" "სოტბის" აუქციონზე 629 000 ფუნტად გაიყიდა

ნიკო ფიროსმანის „შველი წყლის პირას“ ლონდონის „სოტბის“ აუქციონზე 629 000 ფუნტად გაიყიდა. ინფორმაციას ამის შესახებ „სოტბის“ აუქციონის სახლი ავრცელებს.

დღევანდელ აუქციონზე ასევე გამოტანილი იყო კიდევ ერთი ქართველი მხატვრის ლადო გუდიაშვილის „ჩვენი ნიკო“ (ნიკო ფიროსმანის პორტრეტი), რომელიც 75 000 ფუნტად გაიყიდა.

„შველი წყლის პირას“ საწყისი ფასი 150 000 ფუნტი იყო, „ჩვენი ნიკოსი“ კი 4 000 ფუნტი.

"სოტბის" ვებგვერდზე არ არის აღნიშნული, ვინ შეიძინა ქართველი მხატვრების ნამუშევრები.

აღსანიშნავია, რომ ორივე ქართველი მხატვრის ნამუშევარი „სოტბის“ აუქციონზე რუსული ხელოვნების ნიმუშების სექციაში იყო წარმოდგენილი.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს განმარტებით, ”სოტბის” აუქციონზე ქართველი ავტორების რუსული ხელოვნების ნიმუშების სექციიდან სხვა სექციაში სწრაფად გადასატანად მუშაობა გრძელდება, ვინაიდან სექციის ცვლილება საკმაოდ გრძელი და ხანგრძლივი პროცესია.

”19 მაისს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ საგარეო საქმეთა სამინისტროს თხოვნით მიმართა, რომ ”სოტბისა” და ბრიტანეთში მდებარე სხვა სააუქციონო სახლებისთვის ხმა მიეწვდინათ. ძალიან სწრაფი ჰქონდა რეაგირება საგარეო საქმეთა სამინისტროს. მათ სასწრაფოდ გააგზავნეს წერილი ბრიტანეთის საელჩოში თამარ ბერუჩაშვილთან, რომელსაც ასევე სწრაფი რეაგირება ჰქონდა. მან ოფიციალური წერილებით მიმართა ”სოტბის” აუქციონს, ასევე, მაკდუგალის სააუქციონო სახლს ბრიტანეთში, სადაც ასევე გადიოდა ლადო გუდიაშვილის ნამუშევარი. ამ წერილზე რეაქცია იყო ის, რომ მაკდუგალის სააუქციონო სახლმა გუდიაშვილის ნახატთან დაკავშირებით პრესრელიზის გავრცელებისას მიუთითა, რომ გუდიაშვილი წარდგენილი იყო რუსული და ქართული ხელოვნების აუქციონზე. რაც შეეხება ”სოტბის” აუქციონს, ნიკო ფიროსმანზეც და ლადო გუდიაშვილზეც ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ისინი ქართველი ავტორები არიან, თუმცა სექცია ამ ეტაპზე ისევ რუსული ხელოვნების არის. მაგრამ ბრიტანეთის საელჩო, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ასევე ჩვენთან ერთად აგრძელებს მუშაობას იმ მიმართულებით, რომ რაც შეიძლება სწრაფად შევძლოთ და გადავიტანოთ ჩვენი ავტორები სხვა სექციაში, მაგალითად, თანამედროვე აღმოსავლეთის სექციაში, სადაც წელს წარდგენილია ავთო ვარაზი”, - განმარტავენ კულტურის სამინისტროში.