CENN - ძველი ნაგავსაყრელები უნდა დაიხუროს და ჩანაცვლდეს საერთაშორისო სტანდარტების შესაფერისი ნაგავსაყრელებით

ქვეყნის ტერიტორიაზე უნდა დაიხუროს ყველა არსებული ძველი ოფიციალური და არალეგალური ნაგავსაყრელი და ჩანაცვლდეს საერთაშორისო სტანდარტების შესაფერისი უკვე რეგიონული ნაგავსაყრელებით , - ამის შესახებ კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში საუბარია ნარჩენების ეფექტურ მართვაზე.

”საქართველოში ნარჩენების მართვა განვითარების აქტიურ ფაზაზეა. ამ განვითარების მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორებია 2015 წელს მიღებული საქართველოს კანონი „ნარჩენების მართვის კოდექსი“ და საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმება. ორივე დოკუმენტის ფარგლებში ქვეყანამ აიღო გარკვეული ვალდებულებები ნარჩენების მდგრადი მართვის პრაქტიკის დანერგვის კუთხით. თუმცა იქამდე ქვეყანას საკმაოდ დიდი გზა აქვს გასავლელი.

დღეს, საქართველოში ნარჩენების შეგროვების მომსახურება არაეფექტიანია, განსაკუთრებით სოფლად, არ არსებობს ნარჩენების შეგროვების მომსახურების ადექვატური სატარიფო სისტემა; მომსახურების ტარიფების ადმინისტრირება მხოლოდ დიდ ქალაქებში ხდება. ნარჩენები თავსდება ისეთ პოლიგონებზე, რომელიც არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, ან იყრება მოსახლეობის მიერ არალეგალურ ნაგავსაყრელებზე. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ გარკვეულწილად მოაწესრიგა ნაგავსაყრელები და გეგმავს სანიტარულ ნაგავსაყრელების მშენებლობას. ზოგ რეგიონში ეს პროცესი უკვე დაწყებულია. ქვეყანაში სამწუხაროდ არც ნარჩენების შემცირებისა და გადამუშავების პრაქტიკა არაა ფართოდ გავრცელებული.

სწორედ ამ პრობლემების გადასაჭრელად, საქართველომ ნარჩენების მართვის ინტეგრირებული სისტემის შემუშავების ხელშეწყობის მიზნით ახალი ინვესტიციების მოძიება და ქვეყნის შესაძლებლობების გაძლიერება დაიწყო.

კონკრეტულად, ქვეყნის ტერიტორიაზე უნდა დაიხუროს ყველა არსებული ძველი ოფიციალური და არალეგალური ნაგავსაყრელი და ჩანაცვლდეს საერთაშორისო სტანდარტების შესაფერისი უკვე რეგიონული ნაგავსაყრელებით. გეგმის თანახმად, ნარჩენების მართვის ახალი სისტემის განუყოფელი ნაწილი ნარჩენების სეპარირება, ხელახალი გამოყენება, გადამუშავება და კომპოსტირებაა. ზოგიერთ ახალ ნაგავსაყრელზე უნდა მოეწყოს მასალების აღდგენის ობიექტი (MRF).

გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყანა ნარჩენების მართვის სექტორის განვითარების ხელშეწყობით მნიშვნელოვან ეკონომიკურ სარგებელს მიიღებს. ნარჩენების მართვის ახალი სისტემის დანერგვა და განვითარება გარდაქმნის არსებულ რეალობას, სადაც მოქალაქეები არ იხდიან ნარჩენების მართვის რეალურ ღირებულებას და შექმნის სისტემას, რომელშიც მოსაკრებელი რეალურად ასახავს მომსახურების ღირებულებას, რაც სექტორის განვითარებისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელია და ამავე დროს ეს უზრუნველყოფს, მომხმარებლისათვის ნარჩენების შეგროვების ეფექტიანი სისტემის მიწოდებას, სწორედ ამიტომ, პროგრამამ „ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში“ (WMTR) მოამზადა ანგარიში, სადაც მოცემულია ნარჩენების მართვის ალტერნატივების ხარჯთეფექტიანობის შეფასება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და კახეთის რეგიონის ნარჩენების მართვის სისტემის მაგალითზე. კვლევის ძირითადი ამოცანაა საზოგადოებასა და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს მიაწოდოს ინფორმაცია ნარჩენების მართვის ალტერნატიული სტრატეგიების ეკონომიკური პოტენციალის შესახებ.

ანგარიშმა აჩვენა, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის და კახეთში მყარი ნარჩენების განთავსების სოციალური ხარჯები ნარჩენების შეგროვებისა და ტრანსპორტირების, სანიტარულ ნაგავსაყრელზე განთავსებისა და მეთანის ემისიების გათვალისწინებით, საკმაოდ მაღალია. მაგალითად, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ნაგავსაყრელზე ნარჩენების განთავსების საშუალო სოციალური ხარჯი მსყიდველობითუნარიანობის პარიტეტის მიხედვით 1 ტონაზე 169 აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო კახეთის რეგიონისთვის 75 აშშ დოლარია. აღსანიშნავია ის, რომ ეს მონაცემები უტოლდება და ზოგ შემთხვევებში, აღემატება კიდეც აშშ-ისა და ევროპის ზოგიერთ რეგიონში არსებულ ხარჯებს.

კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, ნარჩენების ჩვეულებრივ განთავსებასთან შედარებით, წყაროსთან სეპარირებისა და გადამუშავების პროგრამებს შეუძლიათ სუფთა ეკონომიკური სარგებელის მოტანა ქვეყნისათვის. ნახშირორჟანგის ემისიების შემცირების ღირებულება დამოკიდებულია გადამუშავებადი მასალის ტიპზე. მაგალითად, მინის 1 ტონაზე აღნიშნული ღირებულება წარმოადგენს 2 აშშ დოლარს, სხვადასხვა ხარისხის ქაღალდისა და მუყაოს 1 ტონაზე – საშუალოდ 14 აშშ დოლარს, პლასტმასის 1 ტონაზე – საშუალოდ 36 აშშ დოლარს, ხოლო ალუმინის 1 ტონაზე – 131 აშშ დოლარს.

ძირითადი პრობლემა, რომლის წინაშეც ქვეყანა ისევ დგას, არის ნარჩენების მართვის სისტემის შემადგენელი ნაწილების ოპტიმალურად ინტეგრირება. რამდენიმე კომპონენტის ერთდროული მუშაობა შეიძლება იყოს როგორც ერთმანეთის შემავსებელი ელემენტების, ისე არაეფექტიანობის შემცველი. მაგალითად, სველი ნარჩენების გადამუშავებადი მასალების წყაროსთან სეპარირება გააუმჯობესებს მასალების აღდგენის ეფექტიანობას შერეული ნარჩენების MRF-ებზე, ხოლო ქაღალდის წყაროსთან სეპარირება გააუმჯობესებს კომერციული ბოჭკოვანი მასალების ხარისხს.

ანალიზის მიხედვით, ადგილობრივი კომპოსტირების პროექტების რეგიონალურ ან სახელმწიფო პროგრამებში ინტეგრირება შეიძლება გამოყენებულ იქნას ემისიების შემცირებაზე გამოყოფილი კრედიტების მოსაპოვებლად, რომელიც შემდეგ გადაეცემა სახელმწიფოს და დაეხმარება მას ხარჯების დაფარვაში”, - ნათქვამია კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.