ბოლნისში წყალარინების სისტემის მშენებლობა დაიწყება

შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ უახლოეს მომავალში ქალაქ ბოლნისში კიდევ ერთ მასშტაბურ სამუშაოებს დაიწყებს.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პროექტი ამჯერად წყალარინების (კანალიზაციის) სისტემის მშენებლობას უკავშირდება. მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში, აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით განხორციელდება.

აღნიშნული პროექტით ქალაქ ბოლნისში საბოლოოდ დასრულდება მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდება შიდა გზების მოასფალტება.

ამჟამად ბოლნისის ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, ქალაქის 10 ქუჩაზე, საკანალიზაციო სისტემების მშენებლობა მიმდინარეობს. სამუშაოები ივლისის ბოლოს დასრულდება. მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგების შემდეგ, ეტაპობრივად აღნიშნული ქუჩების მოასფალტება მოხდება.

”უახლოეს პერიოდში ქალაქ ბოლნისში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება დაიწყება. შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ ბოლნისის წყალარინების (კანალიზაციის) სისტემის მშენებლობას განახორციელებს. აღნიშნული პროექტი ქალაქის სწორად განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია. სწორედ ამის შემდეგ მოგვეცემა შესაძლებლობა ბოლნისის ქუჩების მოასფალტება საბოლოოდ დავასრულოთ. ჩვენი უდიდესი სურვილია, ბოლნისი, რომელიც ზუსტად 2 საუკუნის წინ გერმანელმა კოლონისტებმა დააარსეს, თანამედროვე ქალაქად ვაქციოთ“,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი მეშველიანმა.