საბაჟო კონტროლისაგან მალულად დიდი ოდენობით თამბაქოს ნაწარმის შემოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტთან ერთად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, საქართველოს ტერიტორიაზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით თამბაქოს ნაწარმის შემოტანის ფაქტზე, მიხეილ ლეჟავა დააკავა, ხოლო ირაკლი ნაფეტვარიძე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა, - ამის შესახებ ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ბრალდებულებმა, რომლებსაც საქართველოს ტერიტორიიდან თამბაქოს ნაწარმის რე-ექსპორტი უნდა მოეხდინათ, საბაჟო პროცედურები ფოთის „გეზში“ გაიარეს, დაილუქა ავტომანქანა, რომელსაც უნდა გადაეკვეთა საქართველო - რუსეთის საზღვარი. ბრალდებულებმა, თამბაქოს ნაწარმის საქართველოში უკანონოდ, კონტრაბანდული გზით დატოვების მიზნით, ავტომანქანა მიიყვანეს წინასწარ განზრახულ ადგილზე, ლუქის დაუზიანებლად გახსნეს ავტომანქანა და ტვირთი დატოვეს საქართველოში, ხოლო საბაჟო გამშვები-პუნქტი, „ყაზბეგის“ გავლით რუსეთის ფედერაციაში გადასვლას კი დალუქული, ცარიელი ავტომანქანით გეგმავდნენ.

საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე - 5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ 8-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.