ახლის ნაცვლად ნახმარი - ბრენდული მაღაზიების პრობლემა საქართველოში

საქართველოში რომ მომხმარებლების უფლებები დაცული არ არის, ეს ძველი ამბავია, თუმცა ის, რომ მსოფლიოში ცნობილი ბრენდული მაღაზიები კლიენტებს, ახლის ნაცვლად, მეორად ტექნიკას მიჰყიდიდნენ, ამ დრომდე ძნელად დასაჯერებელი იყო. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ასეთი ფაქტი "აიფონ პლუსში" უკვე გამოავლინა და კომპანიაში დოკუმენტაციის შესწავლას შეუდგა. "აიფონ პლუსი" კი ბრალდებას უარყოფს და საგამოძიებო სამსახურს არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.

აღმოჩნდა, რომ "აიფონ პლუსი" პირველი არ არის, ვინც მეორად ტექნიკას ახლად ასაღებს. როგორც მომხმარებელთა უფლებადამცველები ამბობენ, ყოფილა რამდენიმე შემთხვევა, ოდესაც უკვე გამოყენებული ტექნიკა, მათ შორის მობილურები და კომპიუტერები, მყიდველისთვის არანაკლებ ცნობილ ბრენდულ მაღაზიაშიც მიუყიდიათ.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შპს "აიფონ პლუსსა" და შპს "ეფლსიტიში" ორშაბათს შევიდა. როგორც საგამოძიებო სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი, საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება შპს "აიფონ პლუსისა" და შპს "ეფლსიტის" მიმართ და გამოძიების ფარგლებში განხორციელდა რიგი საგამოძიებო მოქმედებები.

"მოხდა საკონტროლო შესყიდვა და სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით, "აიფონის" ბრენდის რამდენიმე მოდელი არ არის ქარხნულად ახალი და უკვე ნამყოფია ექსპლუატაციაში, არადა აღნიშნული ფირმის ობიექტებში ასაღებდნენ, როგორც ახალ ტელეფონებს და მნიშვნელოვნად აზარალებდნენ მომხმარებელს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს დოკუმენტაციის შესწავლა და ექსპლუატაციაში ნამყოფი მობილური ტელეფონების ქსელიდან ამოღება ექსპერტიზის ჩატარების მიზნით", - აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

"აიფონ პლუსი" მეორადი ტელეფონების ახალ ტელეფონებად გაყიდვის ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს არასწორი ინფორმაციის ტირაჟირებაში ადანაშაულებს. ამასთან დაკავშირებით "აიფონ პლუსი" პრემიერ-მინისტრს, ფინანსთა მინისტრს, ბიზნესომბუდსმენსა და საქართველოს სახალხო დამცველს ოფიციალური წერილით მიმართავს. კომპანია გიორგი კვირიკაშვილსა და ნოდარ ხადურს მოუწოდებს, რომ აღნიშნული საკითხით დაინტერესდნენ, რათა "არ შეილახოს კომპანიის ინტერესები და ამ უწყების მოქმედებები იყოს სამართლიანი და მხოლოდ მტკიცებულებებზე დამყარებული".

"ვიდრე სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო ოფიციალურ ინფორმაციას გამოაქვეყნებს, გაცნობებთ, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ "აიფონ პლუსის" მაღაზიებიდან ამოღებული 222 მობილური ტელეფონიდან, მხოლოდ ორი საჩვენებელი, "შოუ-რუმისთვის" განკუთვნილი მოწყობილობაა გააქტიურებული ("შოუ-რუმისთვის" განკუთვნილი ტელეფონების მეშვეობით მომხმარებელს შეძენამდე საშუალება აქვს, გაეცნოს ტელეფონების მახასიათებლებს, ფუნქციებსა თუ მის შესაძლებლობებს)", - ნათქვამია განცხადებაში.

ასაღებდა თუ არა "აიფონ პლუსი" ძველ ტელეფონს ახლად, ამას საბოლოოდ გამოძიება დაადგენს. საქართველოში კი გამორიცხული არაფერი არ არის. როგორც მომხმარებელთა უფლებადამცველები ამბობენ, რიგითი მოქალაქე ბრენდული კომპანიების მხრიდან მოტყუებული არაერთხელ დარჩენილა.

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მომხმარებელთა უფლებების დაცვის პროგრამის ასისტენტი თამარ გობეჯიშვილი, სხვა მრავალ ფაქტს შორის, 2 შემთხვევას იხსენებს, როდესაც "აიფონ პლუსზე" არანაკლებ ბრენდულ მაღაზიაში მყიდველს ახლის ნაცვლად, ძველი ტექნიკა მიჰყიდეს.

"საერთოდ, ტექნიკასთან დაკავშირებით არსებულ ხარვეზებზე მოხმარებლები უფრო ხშირად მოგვმართავენ, ვიდრე საკვებზე. ამ დროს სურსათზე უფრო კარგი მექანიზმი გვაქვს და უფრო ეფექტურად ვმუშაობთ. რაც შეეხება დარღვევებს, ორ ფაქტს მოვიყვან: იყო შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთმა მომხმარებელმა საბურთალოზე მდებარე საკმაოდ ცნობილ ბრენდულ მაღაზიაში შეიძინა კომპიუტერი. როდესაც სახლში დოკუმენტაციას ათვალიერებდა, აღმოაჩინა სერვისცენტრის დასკვნა, რომ კომპიუტერი შეკეთებულია, არადა მაღაზიაში ეს კომპიუტერი ისე მიჰყიდეს, როგორც ახალი. ამ ადამიანმა სიმართლე ადვილად დაამტკიცა და კომპანიამ ახალი კომპიუტერი მისცა.

მეორე შემთხვევაშიც მოქალაქემ ახალი კომპიუტერი შეიძინა ბრენდულ მაღაზიაში. ერთ თვეში გაუფუჭდა და როცა ხელოსანთან მიიტანა, კომპიუტერს ქეისის შიგნით ხრახნები არ ჰქონდა დამაგრებული და იქვე ეყარა. ხელოსანმა უთხრა, რომ კომპიუტერი ახალი არ იყო და ის ერთხელ უკვე შეაკეთეს, თუმცა ამ ადამიანმა სიმართლე ვერ დაამტკიცა, რადგან საბუთი ხელში არ ეჭირა. ასე შერჩა ძველი კომპიუტერი როგორც ახალი", - განუცხადა "რეზონანსს" თამარ გობეჯიშვილმა.

რაც შეეხება არაბრენდულ მაღაზიებში შეძენილ ტექნიკასთან დაკავშირებით საჩივრებს, გობეჯიშვილის თქმით, არ დაფიქსირებულა. "არაბრენდულში შეძენილ ტექნიკაზე პრეტენზიით არავის მიუმართავს. კონკრეტულ მიზეზს ვერ გეტყვით, მაგრამ შეიძლება მომხმარებელი არ თვლის პრობლემად, რომ ასეთ მაღაზიებში შეძენილი ტექნიკა შეიძლება მეორადი იყოს ან დაწუნებული. ბრენდულ მაღაზიასთან მიმართებით კი ვერ წარმოუდგენიათ, რომ იქ მეორადს ახლად გაასაღებენ", - დასძინა გობეჯიშვილმა.

სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრს მომხმარებლები უფრო მეტად მაშინ მიმართავენ, როდესაც ძვირად ღირებული ტექნიკა მალევე ფუჭდება. გობეჯიშვილი ამბობს, რომ გამოცვლას ვერ ახერხებენ, თუმცა საგარანტიოს ფარგლებში კომპანიები ტექნიკას ყოველთვის არემონტებენ. "იყო შემთხვევა, როდესაც 4000-ლარიანი მაცივარი მომხმარებელს მეორე თვეშივე გაუფუჭდა, მერე შეაკეთებინა და კიდევ ორჯერ გაუფუჭდა. როდესაც ასეთი ძვირად ღირებული ტექნიკა რამდენჯერმე ფუჭდება, ამის მიზეზი ხშირად არის ქარხნული წუნი და წესით უნდა გამოიცვალოს. სერვისცენტრებს კი მაღაზიებთან აქვთ კონტრაქტი და ქარხნულ წუნს, ცხადია, არავინ ჩაწერს. ამიტომ ადამიანი იმ საგარანტიოთი კმაყოფილდება, რასაც ნივთის შეძენისას აძლევენ.

იყო ისეთი შემთხვევა, როდესაც ძვირად ღირებული ტექნიკა მომხმარებელს შეუცვალეს და ესეც მაშინ, როდესაც სათავო ოფისი ჩაერია საქმეში; ანუ თუ არის ქვეყანაში ამა თუ იმ კომპანიის ოფიციალური წარმომადგენელი, დიდი ალბათობით, შესაძლებელია, რომ ნივთი გამოცვალო. უცხოეთში ახალი, მაგრამ მალე გაფუჭებული ტექნიკის გამოცვლა უცხო არ არის, არც უკვირთ და ამიტომ ცვლიან", - განაცხადა გობეჯიშვილმა.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსში აღნიშნულია, რომ ქარხნული ნაკლის ტექნიკა ექვემდებარება გამოცვლას, თუმცა გობეჯიშვილის თქმით, საქართველოში ამის დადგენა არ ხდება, არც არსებობს სახელმწიფო უწყება, რომ მომხმარებელმა საჩივრით მიმართოს. სასამართლოში ჩივილს კი მომხმარებელი ერიდება, რადგან ეს საკმაოდ სოლიდურ ხარჯებთანაა დაკავშირებული. თანაც, ძნელი საპროგნოზოა, თუ რა გადაწყვეტილებას გამოიტანს სასამართლო.

ამიტომაც აუცილებელია, რომ მომხმარებელთა უფლებების დაცვის მხრივ ქვეყანაში კანონი დაიხვეწოს და ის უფრო მეტად მიუახლოვდეს ევროპულს. სხვა შემთხვევაში, მომხმარებელი ყოველთვის დაზარალებული დარჩება. არც ისაა გამორიცხული, რომ რიგით კლიენტს ახალი ნივთის ნაცვლად, ხელში რეალურად მეორადი პროდუქცია შერჩეს. ამის პრეცედენტი ხომ ქვეყანაში უკვე არსებობს და თანაც არაერთი.

ელზა წიკლაური

გაზეთი "რეზონანსი"