დავით ნარმანია - ბოტანიკურ ბაღში რაიმე ტიპის შემზღუდავ, ან საზოგადოებისთვის მიუღებელ ქმედებას ადგილი არ ექნება

პოლიტიკურად გაკოტრებული და სიცრუის ტირაჟირებაზე ორიენტირებული ადამიანების მხრიდან რაიმე სახის განცხადება არ მგონია საზოგადოებისთვის საინტერესო იყოს, - ასე უპასუხა დავით ნარმანიამ ჟურნალისტის დასმულ შეკითხვას, რომელიც ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე ჰესის შესაძლო მშენებლობას უკავშირდება.

დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ აღნიშნული განცხადება არ შეესაბამება სიმართლეს და ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე არ კეთდება არანაირი ქმედება, რომელიც საზოგადოებისთვის არის მიუღებელი.

„პოლიტიკურად გაკოტრებული და სიცრუის ტირაჟირებაზე ორიენტირებული ადამიანების მხრიდან რაიმე სახის განცხადება არ მგონია საზოგადოებისთვის საინტერესო იყოს. არც ჩემთვისაა ეს საინტერესო. ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებით ჩვენ ყველა კითხვას გავეცით პასუხი, როდესაც საკრებულოში მივედი. ბოტანიკური ბაღი და მიმდებარე ტერიტორია კიდევ უფრო ვითარდება და რაიმე ტიპის შემზღუდავ, ან საზოგადოებისთვის მიუღებელ ქმედებას იქ ადგილი არ ექნება“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე ჰესის მშენებლობა იგეგმება, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ნიკა მელიამ, ბოტანიკურ ბაღთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მელიას თქმით, ბოტანიკურ ბაღში იგეგმება ასევე კაშხლის მშენელობა.

”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძეს და თბილისის მერს დავით ნარმანიას აღნიშნულზე ახსნა-განმარტებას სთხოვს.