13 ივნისის სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის აღმოსაფხვრელად კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურმა 40 მლნ ლარი დახარჯა

2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის აღმოსაფხვრელად მხოლოდ კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის მიერ დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეკონსტრუქციისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 40 მილიონი ლარი დაიხარჯა , - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსმა გივი კუბლაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადეს.

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, ვიცე მერმა ლაშა აბაშიძემ და თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსმა გივი კუბლაშვილმა მდინარე ვერეს ხეობაში ერთწლიანი სამუშაოების შედეგები ჟურნალისტებთან ერთად დაათვალიერეს და შეაჯამეს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა გმირთა მოედნიდან თამარაშვილის ქუჩამდე არსებულ ავტომაგისტრალს, აშენდა ახალი ხიდი, ნაპირდამცავი კედელი, აღდგა 6 გვირაბი, პანდუსებზე ასასვლელი და ჩამოსავლელი გზების ასფალტის საფარი, განათების სისტემა, მოეწყო გაბიონის ტიპის ნაგებობები, წყალამრიდი სისტემები და ცხაურები, გმირთა მოედანზე განახლდა სტიქიის შედეგად დაზიანებული ასფალტის საფარი, კუნძულები და მდინარე მტკვრის მოაჯირები. ამასთან გასული წლის ივნისში დაიწყო სტიქიის შედეგად დაზიანებული სანიაღვრე კოლექტორების რეკონსტრუქციისა და რეაბილიტაციის სამუშაოები, ბაგების ელექტროსადგურის ტერიტორიაზე, ძოწენიძისა და გრიშაშვილის ქუჩებზე, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის მიმდებარედ აშენდა 220-მეტრიანი სიგრძის დამცავი ნაპირსამაგრი კედელი.

როგორც დღეს ჟურნალისტებს თბილისის მერიის წარმომადგენლებმა განუცხადეს, პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, კეთილმოწყობის სამსახურის მიერ განხორციელდა ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე მდინარე ვერეს გამტარი გვირაბების აღდგენა-რეკონსტრუქცია, ასევე პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში მდინარე ვერეს ხეობაში მიმდინარე წელს აშენდება ნატანდამჭერი ცხაურები, რაც ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის შემთხვევაში ვერეს ხეობას დაზიანებისგან დაიცავს.

მერიის ინფორმაციით, მიმდინარეობს კოჯორი-სამადლოს დამაკავშირებელი 6 კილომეტრიანი გზის კაპიტალური რეაბილიტაცია, დასრულდა წყნეთი-ახალდაბის გზის გაფართოების და სარეაბილიტაციო სამუშაოები. ასევე დასრულდა საავტომობილო გზაზე საყრდენი კედლების მშენებლობა, წყნეთში მდებარე მასწავლებელთა გადამზადების ცენტრთან დამცავი კედლის მოწყობა. მიმდინარე წლის 13 ივნისს იხსნება ტენდერი და დაიწყება მუშაობა მდინარე ვერეს კალაპოტის ფორმირებაზე ნაპირდამცავი ჯებირების მშენებლობაზე.

ქალაქის მერიის წარმომადგენლებმა ჟურნალისტებთან ერთად გმირთა მოედნიდან თამარაშვილის ქუჩამდე მონაკვეთი ფეხით გაიარეს და ტერიტორია დაათვალიერეს, იმყოფებოდნენ ასევე მზიურის ტერიტორიაზეც.