”საერთაშორისო გამჭვირვალობა” - ბიუჯეტის სწორად დაგეგმვის გარეშე შეუძლებელია უკეთესი მართლმსაჯულება

”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” დღეს კვლევის ანგარიში წარადგინა, რომელიც ”სასამართლოს სისტემაში ბიუჯეტის არასწორად დაგეგმვის და მისი, როგორც სისტემის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორის პირველ სიღრმისეულ ანალიზს მოიცავს”. როგორც ორგანიზაციის უფროსმა ანალიტიკოსმა, მიხეილ კუკავამ ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელი პრეზენტაცია აჯამებს დაახლოებით ორწლიანი კვლევის შედეგებს.

მისივე თქმით, უმთავრესი ფოკუსი არის იმის ჩვენება, თუ როგორ უშლის ბიუჯეტის არასწორად დაგეგმვა სასამართლო სისტემის განვითრებას ხელს. ”ბიუჯეტის სწორად დაგეგმვის გარეშე შეუძლებელია უკეთესი მართლმსაჯულება”, -აღნიშნა მიხეილ კუკავამ.

რაც შეეხება უშუალოდ კვლევას, ”საერთაშორისო გამჭვირვალობის” ინფორმაციით, გამოვლინდა შემდეგი პრობლემები: სასამართლოების ბიუჯეტები ცენტრალიზებულად, ანუ ზემოდან ქვემოთ იგეგმება, რის გამოც ეს ბიუჯეტები არ ასახავს სასამართლოების საჭიროებებს; ”სასამართლო სისტემის ბიუჯეტების დაგეგმვაში არის სხვა არაერთი ხარვეზი, მაგ. იუსტიიცის უმაღლესი საბჭოს არაერთი ხარჯის გაწერა არა წინასწარ, არამედ უშუალოდ ხარჯვის პროცესში ხდება. წლის დასაწყისში ვერ ხდება შესყიდვებისთვის გათვალისწინებული ბიუჯეტის შესაბამისად დაგეგმვა. მაგ. 2012 წლის ბიუჯეტის გეგმის დაზუსტების შემდეგ მსუბუქი ავტომანქანების შესყიდვებისთვის გათვალისწინებული ბიუჯეტი 1500%-ით გაიზარდა (50 000 ლარიდან 813 295 ლარამდე), რაც ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესს სერიოზულ ხარვეზს წარმოადგენს”, - ნათქვამია კვლევაში.

კვლევაში პრობლემადაა დასახელებეული ისიც, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს 2014 და 2015 წლების ბიუჯეტებით აღებული აქვს უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლეობის გამჭვირვალობის და საჯაროობის პროცესის გაგრძელების ვალდებულება. მაშინ როდესაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილება საერთოდ არ ვრცელდება უზენაეს და საკონსტიტუციო სასამართლოებზე;

”იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, საერთო სასამართლოების დეპარტამენტსა და იუსტიციის უმაღლეს სკოლაში არ არსებობს სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის ისეთი უმთავრესი ელემენტი, როგორიცაა შიდა აუდიტი”, - ნათქვამია კვლევაში.

”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” ასევე შეიმუშავა რეკომენდაციები, რომლის მიხედვითაც აუცილებელია იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, საერთო სასამართლოების დეპარტამენტმა და იუსტიციის უმაღლესმა სკოლამ მოახდინონ საკუთარი ბიუჯეტის დაგეგმვის შედეგებზე ორიენტირება და მთლიანობაში გაუმჯობესება; მოახდინონ საკუთარი ფინანსური უფლებამოსილებების დანაწევრება, არამიზნობრივი ხარჯვის და სხვა რისკების შესამცირებლად; საკუთარი მიზნების მიღწევისთვის აუცილებელი თანხები შესაბამისი საორიენტაციო ხარჯთაღრიცხვებით განსაზღვრონ.