დიმიტრი ქუმსიშვილი - ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე ტყუილ ბრალდებებს არ და ვერ მივიღებთ

წინასაარჩევნო პროცესში კანონმდებლობის ფარგლებში ჩავერთვები, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შესაბამის საკითხზე კომენტირებისას ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განუცხადა.

როგორც ქუმსიშვილმა განმარტა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას ადგილი არ აქვს და ამ კუთხით საკითხის გადამოწმების არაერთი მექანიზმი არსებობს.

მინისტრის განმარტებით, ტყუილი ბრალდებები მისთვის მიუღებელია.

„კანონმდებლობა არის მთავარი. როგორც გუნდის წევრი, ვარ აქტიური და ვიქნები აქტიური ამ მიმართულებით. არ ვიყენებთ არანაირ ადმინისტრაციულ რესურსს. ეს არის ძალიან მარტივი, საქართველოში არის შემუშავებული არაერთი მექანიზმი, რომელიც შესაძლებლობას იძლევა, რომ აღნიშნული იყოს გადამოწმებული. აქედან გამომდინარე, ტყუილ ბრალდებებს არ და ვერ მივიღებთ და თუ ვინმეს კონკრეტული ფაქტი ექნება, ამაზე, რა თქმა უნდა, რეაგირება გვექნება“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

რაც შეეხება ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომ ”მთავრობის ბევრი წევრი იქ ხათრითაა შერჩენილი”, ქუმსიშვილის თქმით, ემსახურება ქვეყანას და ემსახურება ”ძალიან წრფელი გულით და მონდომებულად“.