დიმიტრი ქუმსიშვილი - მნიშვნელოვანია ფინანსების მოზიდვა, რათა ქვეყანაში გარემოს მდგომარეობა და ცხოვრების ხარისხი გაუმჯობესდეს

მნიშვნელოვანია ფინანსების მოზიდვა იმისთვის, რათა ჩვენს ქვეყანაში გარემოს მდგომარეობა და შესაბამისად, ჩვენი ცხოვრების ხარისხი გაუმჯობესდეს , - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ბათუმში მიმდინარე ,,გარემო ევროპისათვის“ მე-8 გარემოსდაცვით მინისტერიალზე განაცხადა.

კონფერენცია სასტუმრო „შერატონ ბათუმში“ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა. მინისტერიალი 56 ქვეყნის 600-მდე ოფიციალურ დელეგატს, ბიზნესსექტორის, ბიზნესასოციაციებისა და 55 საერთაშორისო ორგანიზაციის მაღალი დონის წარმომადგენლებს მასპინძლობს.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მსგავსი ღონისძიების ქვეყანაში ჩატარება მნიშვნელოვანია.

,,დღეს მინისტერიალზე იხილება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა - მწვანე ეკონომიკის, მდგრადი ეკონომიკის განვითარება, ასევე, რა თქმა უნდა, გარემოს დაცვა. ეს ყველაფერი პირდაპირ აისახება ჩვენი ქვეყნების, ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე და რა თქმა უნდა, საკითხები, რომელიც იქნება დღეს განხილული მინისტერიალის მიმდინარეობის პერიოდში, ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ შემდგომში ისინი უნდა აისახოს იმ სტრატეგიებში, რომელიც ჩვენ ქვეყანას გააჩნია და იმ სამოქმედო გეგმებში, რაც უკვე ყველა ჩვენგანის კეთილდღეობასა და ცხოვრების შესაბამის გარემოზე უნდა აისახოს”, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

”გარემო ევროპისათვის" პროცესი წარმოადგენს გაერო-ს ევროპის ეკონომიკური კომისიის რეგიონის წევრი ქვეყნების, გაერო-ს სისტემაში არსებული ორგანიზაციების, მთავრობათაშორისი ორგანიზაციების, რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრების, არასამთავრობო ორგანიზაციების, კერძო სექტორის და სხვა დაინტერესებული ჯგუფების თანამშრომლობის განსაკუთრებულ ფორმატს. აღნიშნული პროცესი და მისი ეგიდით გამართული მინისტრთა კონფერენციები 3-5 წელიწადში ერთხელ იმართება. ეს არის მაღალი დონის პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფს დაინტერესებული მხარეებისთვის რეგიონის 56 ქვეყნის გარემოსდაცვითი საკითხების განხილვას, პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრასა და ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვას მდგრადი განვითარების მიზნით.

,,მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა, რომელიც ჩვენ გვაქვს, როგორც ევროპიდან, ასევე OECD-ის ქვეყნებიდან. ძალიან მნიშვნელოვანია იმ ფინანსების მოზიდვა, რომელიც არის შესაძლებელი, რომ მოვიზიდოთ იმისათვის, რათა ჩვენს ქვეყანაში გარემოს მდგომარეობა და შესაბამისად ჩვენი ცხოვრების ხარისხი გაუმჯობესდეს”, - განაცხადა ვიცე -პრემიერმა.

კონფერენციის ძირითადი თემებია - „მწვანე ეკონომიკის განვითარება პან-ევროპულ რეგიონში“ და „ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება უკეთესი გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისთვის“. ამასთან, კონფერენციის ფარგლებში, თემაზე - „განათლება მდგრადი განვითარებისთვის“ მაღალი დონის შეხვედრა გაიმართება.