სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებულ მიმწოდებლებს დაგეგმილი სიახლეები გააცნო

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებულ მიმწოდებლებს დაგეგმილი სიახლეები გააცნო.

ბიზნესმენებთან რიგით მე-3 შეხვედრა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობაში გაიმართა.

როგორც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ზაზა ნანობაშვილმა აღნიშნა, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ბიზნესთან შეხვედრების ციკლს განაგრძობს.

მისივე თქმით, ორი თვის წინ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ინიციატივა გაჟღერდა, რომელიც ბიზნესმენებთან რეგულარული შეხვედრების ციკლს ითვალისწინებს, რომლის მიზანია უშუალოდ ბიზნესის წარმომადგენლებისგან მიიღონ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სფეროში არსებული ხარვეზების, ნაკლოვანებების შესახებ და ამავდროულად, ბიზნესს სააგენტოს ხედვა გააცნონ.

”გვინდა, რომ აქტიური კომუნიკაცია იყოს ბიზნესთან იმ მიზნით, რათა ერთგვარად პულსზე გვედოს ხელი და მაქსიმალურად ვიცოდეთ იმ პრობლემების შესახებ, რაც ესოდენ აქტუალურია ბიზნესის წარმომადგენლებისთვის. დღევანდელი შეხვედრაზე მოწვეულები იყვნენ სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებული ბიზნესმენები, მათ გავაცანით ჩვენი რამდენიმე რეკომენდაცია, რომელიც უახლოეს ხანში სააგენტოს ვებგვერდზე დაიდება. ეს რეკომენდაციები ითვალისწინებს შემდეგს, კერძოდ, ბიზნესისთვის მეტად აქტუალური თემა იყო ე.წ. თანხების დაგვიანებით გადახდევინების თემა. ცალკეულ შემთხვევაში მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან გაუმართლებლად მაღალ ვადებში ხდებოდა თანხის გადახდა. ჩვენი ინიციატივის მიზანია, რომ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 დღის ვადაში მოხდეს თანხის გადახდა იმ მიზნით, რათა ბიზნესმა ამ თანხის აკუმულირება შეძლოს ეკონომიკაში”, - განაცხადა ნანობაშვილმა.

მისივე თქმით, მე-2 ინიციატივა ეხება ე.წ. მაღალი საჯარიმო სანქციების - პირგასამტეხლოების შემცირებას, რაც ბიზნესს წლების განმავლობაში ფრიად აწუხებდა. ნანობაშვილის განცხადებით, აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს, საჯარიმო სანქციების პროპორციულობისა და თანაბარზომიერების პრინციპზე დაფუძნებას.

როგორც შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ აღნიშნა, კიდევ ერთი ინიციატივა, რომელიც 1-ლი სექტემბრიდან ამოქმედდება, ეხება ე.წ. ორ ეტაპიანი ტენდერის დამკვიდრებას სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში.

”დღესდღეობით გამარჯვებულის გამოვლენა ხდებოდა ე.წ. ფასის კრიტერიუმის მიხედვით და ცალკეულ შემთხვევებში ეს სამართლიან უკმაყოფილებას იწვევდა როგორც ბიზნესის წარმომადგენლების, ასევე შემსყიდველი ორგანიზაციების მხრიდან, ვინაიდან იყო გაუთავებელი საუბარი იმაზე, რომ ბიზნესი ვერ აწვდიდა ყველაზე საუკეთესო პროდუქციას იმის გამო, რომ იმარჯვებდა მხოლოდ და მხოლოდ დაბალი ფასის კრიტერიუმის მიხედვით. ჩვენი ინიციატივის მიზანია, გამარჯვებული გამოვლინდეს ფასისა და ხარისხის საუკეთესო შეხამების გზით”, - განაცხადა ნანობაშვილმა.

მისივე თქმით, საუბარი შეეხო კიდევ ერთ ინიციატივას - ამხანაგობის შექმნის სამართლებრივი საფუძვლების გაჩენას საქართველოს კანონმდებლობაში.

”ეს საკითხი ზოგადად, სამოქალაქო კოდექსით რეგულირდებოდა და შესყიდვებთან მიმართებაში ეს საკითხი აბსოლუტურად ვაკუუმში იყო მოქცეული. ჩვენი ინიციატივის მიზანია, რომ ბიზნესს შეეძლოს გაერთიანება, ერთგვარი კოოპერაცია და თუკი ცალკეულ შემთხვევებში ერთი რომელიმე ბიზნესის წამომადგენელი ვერ აკმაყოფილებს სახელმწიფო შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ მოთხოვნილ კრიტერიუმებს, მათ ექნებათ შესაძლებლობა გააერთიანონ თავიანთი მატერიალური, სხვა საწარმოო საშუალებები, გამოცდილება და ა.შ. და ერთიანი ფრონტით შეძლონ სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობა, რაც ვფიქრობთ, რომ მათ ყოველდღიურ მუშაობაში წაადგებათ”, - განაცხადა ნანობაშვილმა.

მისივე თქმით, შესყიდვების სისტემა ითვალისწინებდა რაუნდების გამართვას გამარჯვებულის გამოვლენის კუთხით და იგეგმება კიდევ ერთი სიახლე, რომელიც რაუნდების გაუქმებას გულისხმობს.

”ცალკეულ შემთხვევაში ერთგვარად აზარტის ხიბლში შედიოდნენ ბიზნესმენები, დებდნენ რა გაუმართლებლად დაბალ ფასებს, რაც შემდგომაში ცივი გონების განჯის საფუძველზე მათ ართმევდა შესაძლებლობას, რომ შეესრულებინათ ნაკისრი ვალდებულებები. ეს შეუსრულებელი კონტრაქტები აზარალებდა სახელმწიფოს. სწორედ ამიტომ ჩვენ ვთავაზობთ მათ, კარგად გაიზარონ და დადონ ის ფასი, რომელიც შემდგომში ყველაზე უფრო ოპტიმალური იქნება”, - განაცხადა ნანობაშვილმა.

შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილის, ”ღვინის ტურიზმის ასოციაციის” დამფუძნებელის ლევან ჩუბინიძის განცხადებით, ცვლილებები ყოველთვის საჭიროა და ძალიან კარგია, რომ მთავრობა ამას ახორციელებს.

”პრაქტიკამ გამოამჟღავნა სიტუაცია, რომ რაღაც ხარვეზები შეიძლება არსებობდეს, მაგრამ მათი გამოსწორება შესაძლებელია. მნიშვნელოვანია, რომ ამაზე სახელმწიფო მუშაობს, აქვს გამოყოფილი რესურსი, ისმენს ბიზნესის აზრს, რადგან ბიზნესი თავისი გამოცდილებიდან უზიარებს სახელმწიფოს, რა მინუსები და პლუსები შეიძლება ჰქონდეს ამ სერვისს. შესაბამისად, ცვლილებები ყოველთვის საჭიროა და ძალიან კარგია, რომ მთავრობა ამ ცვლილებებს ახორციელებს”, - განაცხადა ლევან ჩუბინიძემ.