თბილისში სასურსათო უსაფრთხოებისა და ნუტრიციის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება

15-16 ივნისს „ოქსფამის“ საქართველოს წარმომადგენლობა თბილისში სასურსათო უსაფრთხოებისა და ნუტრიციის საერთაშორისო კონფერენციას გამართავს.

ღონისძიებას სამთავრობო უწყებებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები აღნიშნულ სფეროში ჩართულ მთავარ მხარეებთან და საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად, როგორც სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან, ასევე, ევროპიდან დაესწრებიან. კონფერენციის მონაწილეები სასურსათო უსაფრთხოებისა და ნუტრიციის პოლიტიკის მდგომარეობის, გამოწვევებისა და საუკეთესო გამოცდილების შესახებ იმსჯელებენ და ეს ყოველივე ადგილობრივი სურსათის წარმოების მხარდაჭერისკენ იქნება მიმართული. ევროპის ქვეყნების წარმომადგენლები მცირე მეურნეების განვითარებაზე ორიენტირებული ინკლუზიური პოლიტიკისა და პროგრამების საერთაშორისო მაგალითებს წარმოადგენენ. საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები ნუტრიციისა და სასურსათო უსაფრთხოების სისტემების განვითარების კუთხით კომპლექსურ მიდგომებზე გაამახვილებენ ყურადღებას.

„ოქსფამმა“ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „ეროვნული სასურსათო უსაფრთხოების სტრატეგიის სრულყოფა და მცირე ფერმერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში“ - ფარგლებში არაერთი კვლევა ჩაატარა. კონფერენციის მონაწილეები კვლევის შედეგებს წარუდგენენ საზოგადოებას ნუტრიციის, სასურსათო უსაფრთხოების მონიტორინგისა და სოფლის მეურნეობისა და ნუტრიციისადმი გენდერულად სენსიტიური მიდგომების შესახებ, რომლებიც შესაფერისია როგორც სამხრეთ კავკასიის რეგიონში, ასევე, მის ფარგლებს გარეთაც. ორდღიანი ღონისძიება ხაზს გაუსვამს გამოწვევებსა და საუკეთესო გამოცდილებებს სასურსათო უსაფრთხოების პოლიტიკის განვითარების, განხორციელებისა და მონიტორინგის ასპექტში, რათა გააძლიეროს იმ სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკაზე მომუშავე პირების და პროცესში ჩართული მხარეების მხარდაჭერა, რომლებიც მუშაობენ სასურსათო უსაფრთხოებისა და ნუტრიციის მიმართულებით სამხრეთ კავკასიაში.