მობილური საკომუნიკაციო მომსახურებისთვის აქციზის გადასახადის ეტაპობრივი შემცირება და საბოლოოდ მისი გაუქმება იგეგმება

პროექტის განხილვა პარლამენტში უკვე დაწყებულია

მობილური საკომუნიკაციო მომსახურებისთვის აქციზის გადასახადის ეტაპობრივი შემცირება და საბოლოოდ, მისი გაუქმება იგეგმება. ამას ”საგადასახადო კოდექსში” ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელმა ზურაბ ტყემალაძემ მოამზადა.

კანონპროექტის მიხედვით, მობილური საკომუნიკაციო მომსახურებისათვის დაწესებული აქციზის არსებული 8%-იანი განაკვეთი შენარჩუნდება 2017 წლის 1 იანვრამდე, ხოლო 2017 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 1 იანვრამდე განაკვეთი 3%-მდე შემცირდება. 2018 წლის 1-ელი იანვრიდან მობილური საკომუნიკაციო მომსახურების გაწევა აქციზით აღარ დაიბეგრება.

როგორც ინიციატივის ავტორი განმარტავს, კანონპროექტი 2016 წლის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე გავლენას არ ახდენს. 2016 წლის ბიუჯეტის დაგეგმილი შემოსავალი საკომუნიკაციო მომსახურებისათვის (იმ მომსახურებაზე, რომელზეც აქციზის განაკვეთის შემცირება ხდება) დაწესებული აქციზიდან დაახლოებით 39 მლნ ლარს შეადგენს. აღნიშნული კანონის მიღებით, 2017 წლიდან აქციზის განაკვეთი 5%-ით შემცირდება, რაც 2017 წლის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს 2016 წელთან შედარებით, სავარაუდოდ, 24 მლნ ლარით შეამცირებს.

პროექტის განხილვა პარლამენტში დაწყებულია და მასთან დაკავშირებით შენიშვნები არავის გამოუთქვამს.

ნათია ინაური