"იკანოს" კომუნიკაციის "ალტერნატიული გზა"

„იკანო“ ქართული ღვინის ბაზარზე სულ რამდენიმე თვის წინ გამოჩნდა.

მაღალი კონკურენციის მიუხედავად, კომპანიამ მოახერხა თავისი ადგილი დაეკავებინა დახლებსა და მომხმარებლებში. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახალი კატეგორიაც კი შეიქმნა - ახალგაზრდა ღვინო.

სხვა ღვინის ბრენდებისგან „იკანო“ გამოირჩევა როგორც პროდუქციით, ასევე კომუნიკაციის საშუალებებითა და სტილით. ქართველი ღვინის მწარმოებლები სთავაზობენ მომხმარებელს მაქსიმალურ მრავალფეროვნებას, „იკანო“ კი მხოლოდ ოთხ ღვინოს აწარმოებს, უპირატესობას ანიჭებს სახრახნისს და არა - ქორქს, ხოლო კომუნიკაციაში თავს არიდებს მასმედიას, აქტიურად იყენებს პირდაპირ კომუნიკაციას და ცდილობს ინდივიდუალურად და უშუალოდ იურთიერთოს თავის მომხმარებელთან.

ახალი ადამიანების გასაცნობად განკუთვნილ აპლიკაცია - „ტინდერში“, უამრავ საინტერესო ადამიანთან ერთად, შეგხვდებათ „იკანოს“ ექაუნთიც, რომლის დალაიქებაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია. საინტერესო საუბარი დასრულდება „იკანოს“ მიერ დანიშნული პაემნით. პაემანზე „იკანოს“ პირადი მძღოლი მოიყვანს, ხოლო ტანისამოსს (და შესაბამისად გემოს) „იკანო“ პარტნიორის პრეფერენციების შესაბამისად შეარჩევს.

„იკანოსთან“ პირადი შეხვედრის შესაძლებლობა აქვთ აგრეთვე სოციალურ ქსელში აქტიურ ადამიანებს. საინტერესო პოსტების ავტორებს „იკანო“ ღვინითა და სამაჯურებით დამაგრებული საპასუხო ბარათებით აჯილდოვებს. „იკანომ“ უკვე მოასწრო ასამდე პოსტისათვის გაეცა პერსონალური პასუხი და გაეგზავნა საჩუქარი მათი ავტორებისთვის.

„იკანოს“ გენერალურ მენეჯერს მათე აბესაძეს რამდენიმე შეკითხვით მივმართეთ:

- რატომ აირჩია „იკანომ“ კომუნიკაციის “ალტერნატიული გზა” და რატომ გაურბის რეკლამირების მეტად ტრადიციულ ხერხებს?

- მასმედია ცდილობს მოიცვას რაც შეიძლება მეტი მომხმარებელი, ჩვენ კი გვსურს ინდივიდუალური კავშირი დავამყაროთ, თუნდაც უფრო მცირე აუდიტორიასთან. მომხმარებელთან უშუალო კომუნიკაცია ჩვენი ბრენდ იდენტობის მნიშვნელოვანი ნაწილია. გარდა ამისა, ბიუჯეტი არ გვაძლევდა საშუალებას, გამოგვეყენებინა ტრადიციული მედია. ღირებულებებისა და ბიუჯეტის გამო, საკომუნიკაციოდ შევარჩიეთ ივენთები, პირდაპირი მარკეტინგი და სოციალური მედია.

- თუ შეგიძლიათ გვესაუბროთ თქვენს პირდაპირ კამპანიებზე. რამდენად გამართლებულია ამგვარი “წერტილოვანი დარტყმები”?

- თავდაპირველად ჩვენი კომუნიკაცია შემოიფარგლებოდა პროდუქტის მახასიათებლებზე საუბრით, მაგრამ ბაზარი და მომხმარებელი მეტ კომუნიკაციას ითხოვდა და ჩვენ გადავწყვიტეთ გვესაუბრა ჩვენს ფასეულობებზე და სწორედ ფასეულობებზე საუბრის პირველი მცდელობა იყო დაირექტ კამპანია.

ყველანი - დირექტორიდან დაწყებული, მარკეტინგის მენეჯერით დამთავრებული, ვეძებდით საინტერესო პოსტებს, რომლებიც შეესაბამება ჩვენს ხასიათს, ან უბრალოდ გაგვაღიმებდა, დაგვაფიქრებდა. ყველანი ერთად ვფიქრობდით პასუხებზე, ვბეჭდავდით პოსტებს ბარათებზე და ვისაც ეცალა, ადრესატთან მიჰქონდა საჩუქრები ღვინის ბოთლთან ერთად. ასევე ბევრს ვფიქრობდით თუ რომელი ღვინო მოეწონებოდა კონკრეტულ პიროვნებას, რათა ადრესატისთვის მაქსიამლურად სასიამოვნო ყოფილიყო შეხება როგორც ბრენდთან, ასევე პროდუქტთან.

Young Lions-ის თითეულ კონკურსანტს ინდივიდუალური ბარათი დავუმზადეთ მათი ნაშრომებიდან და ფეისბუკზე მითითებული ინფორმაციიდან გამომდინარე. საკმაოდ შრომატევადი პროცედურაა, მაგრამ უამრავმა გახარებულმა სახემ და დადებითმა გამოხმაურებამ დაგვარწმუნა, რომ ეს ყველაფერი ღირს წვალებად.

- კომუნიკაციის რა გზებს იყენებს „იკანო“ ამჟამად?

-  ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ ყველგან, სადაც არის ჩვენი მომხმარებელი. საბედნიეროდ, ის მედია საშუალებები, რომლებითაც „იკანოს“ გულშემატკივარი სარგებლობს, (facebook; Instagram; Youtube) არ არის მაინცდამაინც ძვირი რეკლამირების კუთხით. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკომუნიკაციო წყარო არის ივენთები, რომლებსაც ასპონსორებს ან უბრალოდ ესწრება იკანო. სწორედ ივენთებზე ჩანს ყველაზე მეტად თუ რაოდენ შეიცვალა მომხმარებლის ქცევა იკანოსთან მიმართებაში: 4GB ფესტივალის მესამე დღეს ძალიან ბევრი ადამიანი დადიოდა იკანოს ბოთლით ხელში, რაც წარმოუდგენელი იყო პირადად ჩემთვის 4 წლის წინ - ელექტრონული მუსიკის ფესტივალი, რომელზეც სტუმრები ღვინოს მიირთმევენ.

- სად იქნება „იკანო“ ხვალ? რა მედიასაშუალებების ათვისებას აპირებთ მომავალში?

- ჩვენ ვცდილობთ წინასწარ ავითვისოთ პლატფორმები, რომლებიც ჩვენი პირადი, თუ ექსპერტების აზრით გახდება პოპულარული საქართველოში. ჩვენ უკვე ვართ ტინდერზე, სნეპჩეტსა და პინტერესტზე. მსგავს საინტერესო კომუნიკაციებს აქვს კიდევ ერთი დადებითი მხარე PR-ისა და earned მედიის კუთხით. ბეჭდური მედია თავად ინტერესდება ჩვენი ბრენდით და გვიძღვნის არაერთ სტატიასა თუ რეპორტაჟს. ყველანაირად ვეცდებით დავამტკიცოთ, რომ ქართულ ბიზნეს სივრცეშიც შესაძლებელია ახალი სიტყვის თქმა, ბრენდინგი და არატრადიციული, პარტიზანული მარკეტინგის ეფექტური გამოყენება.

რევაზ შელია