მეანაბრე "ტერაბანკს" მისი დეპოზიტიდან 759 800 დოლარის მითვისებას ედავება

მეანაბრე ქალბატონი, რომელსაც ”ტერაბანკში” (ყოფილი ”კორ სტანდარტ ბანკი”) დეპოზიტზე 759 800 დოლარი ჰქონდა, ბანკს მისი კუთვნილი თანხის მითვისებას ედავება.

როგორც მეანაბრის ინტერესების დამცველებმა, იურიდიული ფირმა ”ბი-ელ-ბის” იურისტებმა განაცხადეს, ბანკმა ქალბატონის კუთვნილი თანხა თაღლითური სქემის მეშვეობით მიითვისა.

იურისტების ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით საჩივარი უკვე შეტანილია საქართველოს მთავარ პროკურატურაში და გამოძიებაც დაწყებულია.

მათივე განმარტებით, მეანაბრემ ”ტერაბანკში”, მაღალი სარგებლის მიღების მიზნით, საკუთარ ანგარიშზე 800 ათასი დოლარი განათავსა და თანხის დეპოზიტზე განთავსებიდან ერთი წლის განმავლობაში, ”ტერაბანკი” მას მართლაც უხდიდა შეთანხმებულ სარგებელს. 2014 წლის აპრილში კი მეანაბრემ, თანხის მოცულობა 759 800 დოლარამდე შეამცირა. იურისტების ინფორმაციით, სწორედ აქედან დაიწყო თაღლითური სქემის განხორციელება, რომლითაც მეანაბრის კუთვნილი თანხის მითვისება მოხდა.

”ანგარიშთან დაკავშირებული დოკუმენტების შესწავლისას გაირკვა, რომ ”ტერაბანკმა” 2014 წლის 4 აპრილს სრულად განკარგა მეანაბრის კუთვნილი 759 800 დოლარი და იმისდა მიუხედავად, რომ ამ დღიდან მეანაბრის ანგარიშზე განთავსებული იყო ნული აშშ დოლარი, კვალის დაფარვისა და მეანაბრის შეცდომაში შეყვანის მიზნით, მის საბარათე ანგარიშზე, მომდევნო 22 თვის განმავლობაში, ყოველი თვის დათქმულ რიცხვში, გრძელდებოდა სარგებლის ზუსტი ოდენობის შესატყვისი თანხის შეტანა, რაც მეანაბრეს აფიქრებინებდა, რომ მისი დეპოზიტი უსაფრთხოდ იყო განთავსებული ”ტერაბანკში” და იგი დაუბრკოლებლად იღებდა შეთანხმებულ სარგებელს დეპოზიტიდან”, - აცხადებენ იურისტები.

მათივე თქმით, აღნიშნული ქმედების შედეგად, მეანაბრემ მხოლოდ ორი წლის შემდეგ შეიტყო, რომ ”ტერაბანკში” დეპოზიტზე განთავსებული მისი თანხა განულებული იყო.

”იმისათვის, რომ გარკვეულიყო, სად წავიდა თანხები, ბანკმა წარმოგვიდგინა გარკვეული სახის დოკუმენტაცია, ხელშეკრულებები, ხელწერილები და გვითხრა, რომ თურმე 2014 წლის 4 აპრილს მეანაბრემ სრულად განკარგა ეს თანხა. როდესაც ჩვენს მარწმუნებელს შეხება ჰქონდა ამ დოკუმენტაციასთან, მან განაცხადა, რომ მისი ხელმოწერები იყო გაყალბებული. დაინიშნა სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ექსპერტიზა, რომელიც ჩატარდა ორჯერ და ორივე ჯერზე დასკვნა იყო ერთმნიშვნელოვანი, რომ ქალბატონის ხელმოწერა იყო გაყალბებული. ამ გაყალბებული დოკუმენტაციის თანახმად კი, მეანაბრე მისთვის 4 უცნობ პირს უდგებოდა თავდებში და შესაბამისად, როდესაც ამ ოთხმა პირმა ვერ შეასრულა ბანკის მიმართ აღებული ვალდებულება, თანხა ბანკმა მეანაბრის ანგარიშიდან აიღო”, - განაცხადა ”ბი-ელ-ბი”-ს წარმომადგენელმა მარიამ ვაშაკიძემ.

იურისტების განმარტებით, მათ ბანკთან მოლაპარაკება სცადეს, თუმცა უშედეგოდ, რადგან ”ტერაბანკმა” მეანაბრისთვის მისი კუთვნილი თანხის დაბრუნებაზე უარი განაცხადა.

”მე ვაწარმოებდი ბანკთან მოლაპარაკებას. ამ ბანკის მესაკუთრეები არიან არაბეთის გაერთიანებული საემიროების შეიხები და როდესაც მენეჯმენტთან გვქონდა საუბარი, დაგვარწმუნეს, რომ მეანაბრის პირობები ატანილი იქნა აქციონერებამდე და უარი, რომ ბანკი ამ თანხას არ გადაიხდის და აიძულებს მეანაბრეს, იაროს ძალიან შორი გზით, მოდის ბანკის აქციონერებისგან. მეანაბრე ითხოვდა არა ზედმეტ თანხას, არამედ ნაკლებსაც კი და ამბობდა, რომ დატოვებდა აღნიშნულ თანხას ბანკში რამდენიმე წლით, თუმცა ამ პირობაზე მას ბანკმა უარი უთხრა. თუ ასეთი მსხვილი ინვესტორები, ჩვენი ქვეყნის საკანონმდებლო სისტემას ასე უყურებენ, რომ ამ შემთხვევაში მეანაბრე ვერ დაიცავს საკუთარ უფლებას, ეს ძალიან საწყენია. დარწმუნებული ვართ, დამნაშავეები დაისჯებიან და ეს ადამიანი ბოლო თეთრამდე მიიღებს თავის თანხას, უბრალოდ ბანკის ამგვარი დამოკიდებულება, ვფიქრობ, საქართველოს საბანკო სისტემისადმი ნდობას არყევს და აზიანებს. მე როგორც ვიცი, ამ ოთხი ადამიანიდან, ვისი სესხის დასაფარადაც იქნა გამოყენებული მეანაბრის კუთვნილი თანხა, ერთ-ერთი ბანკის თანამშრომლის ცოლის და იყო, მეორეს მე თავად ვიცნობ და ვიცი, რომ მას ამ ბანკში არ აქვს სესხი და თან ასეთი მოცულობის. ეს სესხებიც კი ფიქტიური იყო”, - განაცხადა კახა შარაბიძემ.

იურიდიული ფირმის წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ აღნიშნულ თაღლითურ სქემაში ბანკის რამდენიმე თანამშრომელი მონაწილეობდა.

”ამ თაღლითურ სქემაში ჩართული იყო მთელი საბანკო სისტემა. დაუსაბუთებლად გაიცა კრედიტები, გატანილია ის ფული და შემდეგ უკვე ყალბი დოკუმენტების საფუძველზე ხდება, იძულების წესით ამ თანხის ამოღება და ბანკის მიერ მითვისება. აქ სარგებელს ხედავს არა კონკრეტული პირები, არამედ ბანკი, ვინაიდან ბანკის მიმართ ვერ შეასრულეს ამ ადამიანებმა ვალდებულება. საქმის ინტერესი ჩვენი აზრით არის იმაში, რომ ჩვენ ვაყენებთ ბანკის, როგორც იურიდიული პირის პასუხისმგებლობის საკითხს. ჩვენი მიზანი არაა კონკრეტული პასუხისმგებელი პირების დასჯა, თუმცა, ბუნებრივია, ისინი უნდა დაისაჯონ”, - განაცხადა ადვოკატმა კახა წერეთელმა.

მისივე ინფორმაციით საჩივარი, რომელიც მთავარ პროკურატურაშია შეტანილი, მოიცავს დოკუმენტების გაყალბებას, ყალბი დოკუმენტების გამოყენებას, ფულის გათეთრებას, იგივე უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას და თაღლითობას, რომელთაგან ორი მუხლი - ფულის გათეთრება და ყალბი დოკუმენტის შექმნა-გამოყენება, იურიდიული პირის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

”ტერაბანკი” თანხის მითვისებასთან დაკავშირებით მეანაბრისა და იურიდიული ფირმა ”ბი-ელ-ბის” ბრალდებებს ”აბსურდულს” უწოდებს და მათ მიერ გამართულ პრესკონფერენციას, ბანკზე ზეწოლად აფასებს.

როგორც ”ტერაბანკის” პიარისა და მარკეტინგის განყოფილების ხელმძღვანელმა ნანა აბურჯანიძემ განაცხადა, ბანკმა პროკურატურას აღნიშნული საქმის გამოძიების მოთხოვნით თავად მიმართა და შესაბამისი დოკუმენტაციაც მიაწოდა.

აბურჯანიძის თქმით, განცხადებაზე ხელმოწერა, რომლითაც მათმა კლიენტმა ბანკს ანაბრის საშუალებით სესხების დაფარვის განკარგულება მისცა, ავთენტურია და ამას სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროც ადასტურებს.

”დღევანდელ პრესკონფერენციას, ჩვენ ვაფასებთ, როგორც ბანკზე ზეწოლას და ჩვენი მომხმარებლების შეცდომაში შეყვანის მცდელობას, რადგან ბევრი რამ ითქვა მცდარი და ბევრი საკმაოდ დაუსაბუთებელი ბრალდება გაისმა ჩვენს მიმართ. ეს კამპანია, ჩემი აზრით, მიზნად ისახავს ბანკის იმიჯის დაზარალებას და პროცესების სამართლებრივი ჩარჩოებიდან გატანას, იმიტომ რომ ჩვენ თავად მივმართეთ გამოძიებას, კონკრეტულად კი პროკურატურას და მივაწოდეთ კონკრეტული დოკუმენტაცია იმისთვის, რომ დროულად დადგინდეს ყველაფერი. ისინი კი არ დაელოდნენ გამოძიების შედეგებს და არჩიეს პიარ კამპანიის გზით წასვლა. რაც შეეხება ანაბრის თემას, რა თქმა უნდა, ეს ქალბატონი იყო ჩვენი მეანაბრე და ამ ანაბრით უზრუნველყოფილი იყო გარკვეული სესხები და მისივე ხელმოწერით, რომლის ავთენტურობაც დასტურდება სამხარაულის ექსერტიზის ბიუროს მიერ, მოხდა ამ კრედიტების გადაფარვა ანაბრის საშუალებით. რეალურად ეს ანაბარი 2 წლის წინ დაიხურა და მეანაბრესა და ბანკს შორის ურთიერთობა ამით დასრულდა”, - განაცხადა ნანა აბურჯანიძემ.

”ტერაბანკის” პიარისა და მარკეტინგის განყოფილების ხელმძღვანელის ინფორმაციით, ეჭვქვეშ არა ძირითადი დოკუმენტი, არამედ ე.წ. შუალედური დკუმენტები დადგა, რის გამოც ბანკმა საგამოძიებო ორგანოს მიმართა. მისივე ინფორმაციით, ბანკს კლიენტის წარმომადგენელმა იურიდიულმა ფირმამ დაახლოებით 2 თვის წინ თანხის მიღების მოთხოვნით მიმართა და როდესაც ამ თანხის მოკვლევა დაიწყო, აღნიშნული თემის გამოძიების აუცილებლობაც მაშინ გამოჩნდა.

”რეალურად ძალიან ბევრი საბუთი იყო საქმეში და ძალიან ბევრი საბუთის ექსპერტიზა ჩატარდა. შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, რომ ექსპერტიზის შედეგად, კლიენტის ხელმოწერა განცხადებაზე, რომლითაც მან განკარგულება მისცა ბანკს მისი კუთვნილი ვალდებულებების დაფარვაზე, არის ნამდვილი. ამიტომ როდესაც ის კონკრეტული დოკუმენტი ნამდვილია, ბანკი მოკლებულია რამე სამართლებრივ შესაძლებლობებს, რომ კლიენტს რამე თანხა გადაუხადოს”, - აღნიშნა აბურჯანიძემ.

”ტერაბანკის” პიარისა და მარკეტინგის განყოფილების ხელმძღვანელი ასევე ურყოფს იურიდიული ფირმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ 2014 წლის შემდეგ, მეანაბრეს, განულებული დეპოზიტის მიუხედავად, 2 წლის განმავლობაში სარგებელი მაინც ერიცხებოდა.

”2014 წელს, როდესაც ანაბარი დაიხურა ოფიციალურად, მას მერე არანაირი სარგებელი არ დარიცხულა მასზე ბანკის მიერ. ამ ანგარიშზე ხდებოდა ფიზიკური პირების მიერ გარკვეული თანხების მოძრაობა, რომელიც არანაირად არ იყო დაკავშირებული ბანკთან”, - აღნიშნა აბურჯანიძემ.

მისივე განმარტებით, აბსურდულია ბრალდებები იმის შესახებაც, რომ მეანაბრისთვის თანხის დაბრუნებაზე უარის თქმის გადაწყვეტილება აქციონერების მიერაა მიღებული, რადგან როგორც აბურჯანიძე აცხადებს, საერთოდ თანხის რამე სახით გაცემაზე საუბარიც არ იყო.

”აქციონერები არაფერ შუაში არაა, რეალურად მხოლოდ საბუთების და დოკუმენტაციის მიხედვით განხორციელდა ჩვენი ქმედებები”, - განაცხადა ”ტერაბანკის” პიარისა და მარკეტინგის განყოფილების ხელმძღვანელმა.

მეანაბრე ქალბატონი, რომესაც ”ტერაბანკში” (ყოფილი ”კორ სტანდარტ ბანკი”) დეპოზიტზე 759 800 დოლარი ჰქონდა, ბანკს მისი კუთვნილი თანხის მითვისებას ედავება. როგორც მეანაბრის ინტერესების დამცველებმა, იურიდიული ფირმა ”ბი-ელ-ბის” იურისტებმა განაცხადეს, ბანკმა ქალბატონის კუთვნილი თანხა თაღლითური სქემის მეშვეობით მიითვისა. იურისტების ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით საჩივარი უკვე შეტანილია საქართველოს მთავარ პროკურატურაში და გამოძიებაც დაწყებულია.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე