ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი ”ტერაბანკის” მიერ მეანაბრის კუთვნილი თანხის მითვისების ფაქტს დაუჯერებელს უწოდებს

ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი ზურაბ გვასალია, ”ტერაბანკის” მიერ მეანაბრის კუთვნილი თანხის მითვისების ფაქტს დაუჯერებელს უწოდებს. როგორც გვასალიამ აღნიშნა, მას მხოლოდ ცალმხრივი ინფორმაცია გააჩნია, თუმცა, როგორც ბანკების ასოციაციის წევრი, ”ტერაბანკის” ინტერესებს ასოციაცია ყველგან დაიცავს.

”ჩემთვის ეს არის დაუჯერებელი ფაქტი. ძალიან მიჭირს, დავიჯერო. მსგავსი ფაქტები ნებისმიერ შემთხვევაში რეპუტაციური რისკის მატარებელია და არაა ეს იმხელა თანხა, რომელიც რეპუტაციური რისკის გაზრდად ღირდეს. 16 მილიარდზე მეტია საბანკო სექტორში სადეპოზიტო პორტფელი. არაა 759 ათასი დოლარი ისეთი, რომლის გამოც შეიძლება ბანკმა თავისი რეპუტაცია რისკის ქვეშ დააყენოს. 759 ათას დოლარის გულისთვის, რომელიც შეიძლება ვიღაც კონკრეტულმა პირებმა მიითვისეს, ბანკის ლიკვიდაცია გამორიცხულია. ეს ძალიან წარმოუდგენელია. იქ შეიძლება მენეჯმენტი დაისაჯოს, მაგრამ ლიკვიდაცია წარმოუდგენელია”, - განაცხადა ზურაბ გვასალიამ.