განახლებად ენერგიას მსოფლიოში სულ უფრო ხშირად იყენებენ, გერმანული ენერგოსისტემა კი ამ მხრივ ლიდერია:
გერმანია პირობას დებს, რომ 2050 წლისთვის მთლიანად გადავა ენერგიის ალტერნატიულ წყაროებზე. არანაკლები მიღწევები აქვს ამ სფეროში პორტუგალიას: თუ 2013 წელს პორტუგალიის მიერ მოხმარებული ენერგიის 23% განახლებადი ენერგიის წყაროებიდან იყო მიღებული, 2015 წელს ამ მაჩვენებელმა 48%-ს მიაღწია. ხოლო დანიის ქარის ტურბინებმა გასულ წელს იმაზე მეტი ელექტროენერგია გამოიმუშავა, ვიდრე ეს ქვეყანა მოიხმარს, რის გამოც ელექტროენერგიის ჭარბი მარაგი დანიამ გერმანიაში, ნორვეგიასა და შვედეთში ექსპორტზე გაიტანა.
განახლებადი, ადგილობრივი რესურსების ათვისება და გამოყენება თანდათან იწყება საქართველოშიც. ამას ადასტურებს ქალაქ გორში 20 მგვტ სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა, რომელიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით შენდება. 150 მეგავატის სიმძლავრის ნახშირის ქვესადგური, რომლის პროექტიც ტყიბულში უნდა განხორციელდეს. გარდა ამისა, მზის გამოსხივებაც საქართველოში საკმაოდ მაღალია: ბევრ რაიონში მზის ნათების წლიური ხანგრძლივობა 250-დან 280 დღემდე მერყეობს. შესაბამისად, მზის ელექტროსადგურის მშენებლობაზეც არის საუბარი.
განახლებადი ენერგიის წყაროებზე „ბიზნესპრესნიუსი“ ქართველ ენერგეტიკოსებს ესაუბრა.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი ანზორ ჭითანავა ამბობს, რომ საქართველოს ამ მხრივ მართლაც კარგი პოტენციალი აქვს.
„ ენერგეტიკული უსაფრთხოების პრობლემა თანამედროვეობის ერთ-ერთი აქტუალური პრობლემაა, რომელიც მსოფლიოში ყველას აწუხებს. ყველა ქვეყანა იბრძვის და ეძებს გზებს, რომ მისი ენერგეტიკული უსაფრთხოება იყოს დაცული. ამ მხრივ ძალიან დიდი როლის შესრულება შეუძლია განახლებადი ენერგეტიკის წყაროებს, რომელიც წამყვანი მიმართულება გახდება მომავლის ენერგეტიკაში. რა პერსპექტივა აქვს განახლებად რესურსებს საქართველოში? - გეტყვით, რომ საქართველო ამ მხრივ ერთ-ერთ მოწინავე პოზიციაზეა, რადგან ჩვენ ჰიდრორესურსი გვაქვს, რომელიც ასევე განახლებადი ენერგიის წყაროდ არის მიჩნეული. ჰიდროენერგიას საქართველოს ენერგეტიკაში სერიოზული ადგილი უკავია, კერძოდ, ელექტროენერგიის 80% სწორედ მასზე მოდის. თუმცა ჩვენი ქვეყნის ეკოლოგიური და კლიმატური თავისებურებები არ იძლევა საშუალებას, რომ ჰიდროენერგია იმ რაოდენობით ავითვისოთ, რა რაოდენობითაც ის ბუნებაში მოიპოვება. ჩვენი შეფასებით საქართველოში 40 მილიარდი კვტ/სთ ენერგიის გამომუშავება შეიძლება. აქ შედის როგორც დიდი, ასევე საშუალო და მცირე ელექტროსადგურებიც. მათი ჯამური პოტენციალი 40 მლრდ-ის ფაგლებშია შეფასებული და ეს მაშინ, როდესაც ჩვენ ვაწარმოებთ ელექტროენერგიას დაახლოებთ 10 მილიარდი კვტ/სთ-ის ფარგლებში, ესე იგი, 4-ჯერ მეტის წარმოება შეგვიძლია. ასე რომ, გეზი, რომელიც გვაქვს აღებული, სწორია“, - აღნიშნავს ანზორ ჭითანავა.
მისივე თქმით, რაც შეეხება სხვა სახის განახლებადი ენერგიის წყაროებს, საქართველოს ამ მხრივაც აქვს პერსპექტივა.
„მზისა და ქარის ენერგია, ბიომასა, ნახშირი და თუნდაც შეშა - ყველა მიმართულებით გვაქვს პერსპექტივა და შესაძლებლობები, მაგრამ ყველა ამ მიმართულებას გარკვეული შეფერხებები ექმნება იმის გამო, რომ ისინი არ არის კონკურენტუნარიანი ჰიდრორესურსთან შედარებით. ნელ-ნელა ჩვენთან ქარის და მზის ენერგიის გამოყენების პერპექტივებიც ჩნდება, მაგრამ ილუზიაში არ უნდა ჩავვარდეთ და არ უნდა ვიფიქროთ, რომ ეს ადვილი მისაღწევია, ეს შესაძლებელი იქნება მხოლოდ ტექნიკური პროგრესის შედეგად, რომელსაც მარტო ქართველი ენერგეტიკოსების მოღვაწეობა კი არ სჭირდება, არამედ მთელი მსოფლიოს ტექნოლოგიური პროცესების გადასინჯვა. აქედან გამომდინარე, ჩვენ უარი არ უნდა ვთქვათ ყველა ამ სახეობის ათვისებაზე. დღესაც აქვს ხალხს ოჯახებში მზის გამათბობლები და ეს კარგი მაგალითია იმისა, როგორ შეიძლება მოსახლეობამ ნაკლები ელექტროენერგია მოიხმაროს და ეკონომია გააკეთოს. ეს მიმართულება თუ განვითარდება, ეს იქნება შესანიშნავი ნაბიჯი, იგივე შემიძლია ვთქვა ქარზე, ბიომასაზე და ა.შ... თუ ბიზნესი ამ გზას აირჩევს, სახელმწიფომაც ხელი უნდა შეუწყოს“, - აცხადებს ანზორ ჭითანავა.
ანზორ ჭითანავას შეფასებით, ვინც ამბობს, რომ დიდი ჰესები მავნებელია, ძალიან ცდება: „ისინი ძირითადად არიან გინეკოლოგები, თერაპევტები, გეოლოგიის სპეციალისტები და ა.შ... მხოლოდ ერთ მაგალითს მოვიყვან: იმისათვის, რომ ენგურჰესი შეცვალოს, ჩვენ გვჭირდება 45 ზაჰესი და რიონჰესი - ერთად აღებული. ამ ეტაპზე, ჰიდრორესურსი ჩვენი ქვეყნისთვის მთავარი იმედია და მას მზის, ან ქარის ენერგია კონკურენციას ვერ გაუწევს“ - აცხადებს ჭითანავა.
ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის დოქტორი მირონ ფირცხელანიც ადასტურებს, რომ პირველ ადგილზე თავისი მნიშვნელობით ჰიდრორესურსი დგას, მხოლოდ ამის შემდეგ მოდის ქარისა და მზის ენერგია:
„სამივე ეს წყარო უნდა იყოს ათვისებული თუკი ქვეყანაში ენერგეტიკისადმი სწორი მიდგომა იქნება. მიუხედავად დიდი რეკლამისა, მზისა და ქარის ენერგია ჯერ საკმარისად ათვისებული არ არის. ამ სახის ენერგიას საქართველოში საკმაო პოტენციალი აქვს და თუკი თანამედროვე ტექნიკასაც მივიშველიებთ, ეს მიღწევადია. ყველა სახის განახლებადი ენერგიის გამოყენებაა საჭირო, მაგრამ ერთი პირობით - ენერგეტიკა მეცნიერულ კვლევაზე უნდა იყოს დამყარებული, მაგრამ თუ ეს არის ვიღაცის პირად, ჩინოვნიკურ ინტერესებზე აგებული სისტემა, მაშინ მხოლოდ ერთმანეთზე გადაბრალება და მოსახლეობის ინტერესების უგულებელყოფა ხდება. ნორმები უნდა იყოს დაცული პროექტირებაშიც და მშენებლობაშიც, მაგრამ ნებისმიერი ელექტროსადგური მოსახლეობის სამსახურში უნდა ჩადგეს. მე ვერ დავეთანხმები, მხოლოდ შეშის გამოყენებას ენერგიის წყაროდ, რადგან ტყის ჭრა სიკეთეს არ მოგვიტანს, ნუ გამოვრიცხვათ, რომ საქართველოში არის ქვანახშირი და ენერგიის წყაროდ მისი გამოყენებაც შეიძლება. ასეა თუ ისე, მხოლოდ ერთ წყაროზე აქცენტის გადატანა არ იქნება სწორი და მართებული - ეს საერთაშორისო გამოცდილებამაც დაამტკიცა“, - ამბობს ენერგეტიკოსი.
ჩვენს ენერგეტიკაში ჰიდრორესურსის უპირატესობას ადასტურებს „საქართველოს მომავლის პროექტის დამფუძნებელი“ ვახტანგ ლომჯარიაც.
„ვეთანხმები ენერგეტიკოსებს, რომ მიუხედავად გარემოზე გარკვეული ზემოქმედებისა, ჰიდრორესურსი ყველაზე სუფთა და ნაკლები ზიანის მომტანია. 1960-იან წლებამდე ევროპამ აითვისა არსებული ჰიდრორესურსების ძირითადი ნაწილი და იმის შემდეგ მათი დადგმული სიმძლავრეები თითქმის არ გაზრდილა, რადგან ეს ყველაზე მომგებიანი და კარგი გზა არის ენერგიის მისაღებად. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ სხვა წყაროებზე არ გავაკეთოთ აქცენტი. ცხადია, პირველ ადგილზე ჰიდრორესურსი უნდა დავაყენოთ, მაგრამ მზისა და ქარის ენერგიაზეც უნდა გავაკეთოთ გათვლები. 2050 წლამდე მთელ მსოფლიოში ზრდა მხოლოდ და მხოლოდ განახლებადი ენერგიის მოპოვებაზე იქნება. ჩვენთან აშენდა ქარის ელექტროსადგური, რომელიც საკმაოდ იაფი დაჯდა, ასევე შეიძლება მზის ენერგიის ათვისებაც. ამ მხრივაც, საქართველოს საკმაოდ კარგი პოტენციალი აქვს. მზის ენერგია ჩვენთან უხვად არის, განსაკუთრებით, აღმოსავლეთ საქართველოში.
ცხადია, ჰესებს უარყოფითი გავლენაც აქვს, მაგრამ ჰესების, მათ შორის ენგურჰესის გარეშე, ძალიან გაგვიჭირდებოდა - საქართველო სხვა ქვეყნებზე იქნებოდა დამოკიდებული და ენერგიის დეფიციტი გვექნებოდა. მიუხედავად გარემოზე ზემოქმედებისა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენს ქვეყანაში ელექტორენერგიის მოხმარება ყოველწლიურად 8-10%-ით იზრდება და ამ მოთხოვნას დაკმაყოფილება სჭირდება. უარყოფითი მხარეები აქვს ყველა სახის ენერგიას. მთავარია, სწორი გათვლები გაკეთდეს, რომ ბუნებას ნაკლები ზიანი მიადგეს, მაგრამ იმას, რომ ჰესები უნდა აიგოს, ალტერნატივა არა აქვს. როგორც გითხარით, ეს ევროპამ დიდი ხნის წინ გააკეთა“, - აღნიშნა ვახტანგ ლომჯარიამ.
ხათუნა ჩიგოგიძე