1,2 მლნ მანქანიდან 10 პროცენტი ჩამოსაწერია

საქართველოში ავტომობილების რაოდენობა საოცარი სისწრაფით მატულობს. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ბოლო მონაცემებით, მანქანების რაოდენობა ქვეყანაში 1,2 მლნ-ს აღწევს. წლის დასაწყისში ეს მაჩვენებელი 1,1 მლნ-ს არ აღემატებოდა. ბუნებრივია, ამ სტატისტიკაში იგულისხმება გაჩერებული და ამორტიზებული მანქანებიც, რომლებიც საერთო ავტოპარკის დაახლოებით 10%-ს შეადგენს.

სპეციალისტების ინფორმაციით, ავტომობილების რიცხვის მატება გამოწვეულია მარჯვენასაჭიანი მანქანების იმპორტის გააქტიურებით. როგორც ექსპერტები ამბობენ, ამ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების რეექსპორტი, იშვიათი შემთხვევის გარდა, არ ხოციელდება და მათი უმეტესობა საბოლოოდ ადგილობრივ ბაზარზე რჩება.

დაახლოებით 400 000-მდეა იმ მანქანების რიცხვი, რომელთა ასაკი 20 წელს აღემატება. ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელ დავით მესხიშვილის განმარტებით, ეს არის ის კატეგორია, რომელთაც ტექდათვალიერების გავლა გაუჭირდება. დამატებით 400 000-ზე მეტია 10-დან 20 წლამდე ასაკის ავტომობილიც. რაც შეეხება სრულიად ახალ მანქანებს (0-დან 3 წლამდე), მათი ოდენობა 50 ათასს არ აღემატება, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია.

მესხიშვილის აზრით, საქართველოში აუცილებელია საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება და პარალელურად ხალხის წახალისებაც.

"ავტომობილების ჭარბი რაოდენობა სულაც არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდა. ეს არის შედეგი იმისა, რომ დარგი არასწორი მიმართულებით ვითარდება. მანქანების უმეტესობა განკუთვნილია იმისათვის, რომ ადამიანებმა მცირე შემოსავალი მიიღონ.

მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტიც არასწორად ვითარდება. ევროპაში ამ მხრივ სერიოზული ღონისძიებები ტარდება. მაგალითად, ავტომობილების რაოდენობის შესამცირებლად ბელგიის მუნიციპალიტეტმა თანამშრომლებს საზოგადოებრივ ტრანსპორტზე უფასო ბილეთები დაურიგა. შედეგად მიიღო ის, რომ ერთმა ავტობუსმა დაახლოებით 100 მანქანა გააჩერა", - აცხადებს მესხიშვილი.

მანქანების რეგისტრაციასთან დაკავშირებით კვლევა ბოლოს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ ჩაატარა. როგორც კომპანიაში განმარტავენ, ამ ეტაპისთვის მანქანების რაოდენობა 1,2 მილიონს აღწევს, რაც საგანგაშო სტატისტიკაა.

აფბა-ს ანალიტიკოსი პაატა ბაირახტარი ამბობს, რომ მოსალოდნელი რეგულაციის მიუხედავად, კატასტროფულად მატულობს მარჯვენასაჭიანი მანქანების იმპორტიც.

"საქართველოს ავტოპარკი უმძიმეს მდგომარეობაშია, რაც დღეს ამ ბაზარზე ხდება, სრული ბაკქანალიაა, თამამად შემიძლია ასე ვუწოდო. ფაქტობრივად, მანქანის ყიდვა შეუძლია ყოველ მეორე და მესამე მოქალაქეს, ეს პროცესი ძალიან გამარტივებულია. გარდა ამისა, ავტოპარკის 30%-ზე მეტი ამორტიზებული მანქანაა, 20-25 წელს გადაცილებული.

რაც შეეხება უმოძრაო მანქანების ჩამოწერაზე საუბარს, ეს პროცესი ტექდათვალიერების გარეშე კანონზომიერი არ იქნება, ამას სჭირდება გარკვეული პროცედურა. ყველაზე იოლი გამოსავალი სრული ტექდათვალიერების სისტემის შექმნაა, ცხადია, იგი უნდა იყოს გამჭვირვალე და ევროპულ სტანდარტთან მიახლოებული.

რაც შეეხება ზოგადად ბაზარს, ავტოპარკი არის გადატვირთული, რამდენადაც ქვეყანაში შემოდის განუსაზღვრელი რაოდენობის ავტომობილები, რასაც ხელს უწყობს მარჯვენასაჭიანების იმპორტის ასევე წარმოუდგენელი სისწრაფით ზრდა. ყოველწლიურად გვაქვს მზარდი ტენდენცია და ვიღებთ საგანგაშო სურათს, რაც დღესაა", - განმარტავს ბაირახტარი.

ის ასევე პარტნიორ ქვეყნებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ მარჯვენასაჭიანი ავტომანქანები, ძირითადად, ქვეყნის შიგნით რჩება და რეექსპორტზე არ გადის.

"მარჯვენასაჭიანი ავტომობილების შეძენით დიდად არ არიან დაინტერესებული ჩვენი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნები. აზერბაიჯნაში, რომელიც დღემდე ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო მიმართულებაა, საერთოდ აკრძალულია მარჯვენასაჭიანი ავტომობილების შეყვანა.

რაც შეეხება სომხეთს, მართალია, ქვეყანაში მარჯვენასაჭიანი ავტომობილების შეყვანა კანონით არ იკრძალება, მაგრამ იგი გაწევრიანებულია საბაჟო კავშირში, რაც, ფაქტობრივად, უკეტავს არაწევრი ქვეყნებს ბაზარს", - განმარტავს აფბა-ს ანალიტიკოსი.

იმპორტიორების ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალთან შედარებით, მარტო აპრილ-მაისში მანქანების იმპორტი 7-8%-ით არის გაზრდილი.

სატრანსპორტო სფეროს სპეციალისტი, კომპანია "რობანო მოტორსის" თანადამფუძნებელი ელგუჯა ჯამაგიძე განმარტავს, რომ იმპორტის ზრდა სეზონური ცვლილებით არის გამოწვეული და ტენდენცია ამ მხრივ გვიან შემოდგომამდეც შენარჩუნდება.

"მანქანების შემოყვანის სწრაფი ტემპი შეიძლება ცოტათი შენელდეს ზაფხულში, მაგრამ არსებული ტენდენცია დიდად არ შეიცვლება. შეიძლება ითქვას, რომ შემოდგომის ბოლომდეც შენარჩუნდება.

ეს გამოწვეულია იმით, რომ დიდია იაფი მანქანების რეალიზაცია. შემთხვევითი არაა, რომ ქვეყანაში ყველაზე კარგად 2000-დან 4000 დოლარამდე ღირებული მანქანები იყიდება. ამდენად, სტატისტიკაც მზარდია.

ბოლო მონაცემებით, მანქანების რაოდენობა ქვეყანაში 1,2 მილიონამდეა. მართალია, ამ მაჩვენებელში ამორტიზებული მანქანებიც შედის, მაგრამ ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, სანამ ამ კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ჩამოწერა არ მოხდება", - აცხადებს ელგუჯა ჯამაგიძე.

მარი ჩიტაია

გაზეთი "რეზონანსი"