სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ შესყიდვის ობიექტებისა და მიმწოდებლების ელექტრონული კატალოგი eMarket შექმნა

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ შემსყიდველი ორგანიზაციებისათვის ტენდერების წინამოსამზადებელი სამუშაოების უკეთ წარმართვისა და ბაზრის კვლევის პროცესის ხელშეწყობის მიზნით, შესყიდვის ობიექტებისა და მიმწოდებლების ელექტრონული კატალოგი შექმნა.

როგორც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში აცხადებენ, კატალოგი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა და იგი მოიცავს ინფორმაციას CPV კოდის, მოდელის, სპეციფიკაციების, საბითუმო ფასების, მწარმოებლების, საგარანტიო ვადისა და მიწოდების ადგილის (რეგიონალურ ჭრილში) შესახებ.

”როგორც ცნობილია, სახელმწიფო შესყიდვების მოსამზადებელი ეტაპი წარმოადგენს შესყიდვების პროცესის საწყის და ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფაზას, ვინაიდან სწორი დაგეგმვა წარმოადგენს შესყიდვების მთლიანი ციკლის უმნიშვნელოვანეს ნაწილს და წარმატებული შესყიდვის ძირითად წინაპირობას. ამ თვალსაზრისით, ბაზრის სრულყოფილად მოკვლევა განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს. შესაბამისად, სააგენტოს მიერ შექმნილი ახალი სერვისი - ელექტრონული კატალოგი იძლევა შესაძლებლობას, ერთი მხრივ, მოხდეს არაადეკვატური (დაბალი) ფასის გამო შეუმდგარი ტენდერების მინიმიზაცია, ხოლო, მეორე მხრივ, ადეკვატური ფასის მითითებით, უზრუნველყოფილი იქნას ტენდერების დადებითი შედეგით ჩატარება და სახელმწიფო სახსრების რაციონალური ხარჯვა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ, პირველ ეტაპზე, ელექტრონულ კატალოგში კვების პროდუქტების შესახებ ინფორმაცია განთავსდა.

”საგულისხმოა, რომ eMarket-ში ინფორმაცია განახლდება ყოველკვარტალურად და სამომავლოდ, მას დაემატება ინფორმაცია შესყიდვის სხვა ობიექტებისა და მიმწოდებლების შესახებ. ეს პროცესი პერმანენტულად გაგრძელდება. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო მოუწოდებს მეწარმეებს, რათა შესაბამისი ინფორმაცია მათ მიერ ნაწარმოები ან შემოტანილი პროდუქციის შესახებ, წარუდგინონ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს. ეს მისცემს კერძო სექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობას, ჰქონდეთ აქტიური კომუნიკაცია სახელმწიფო უწყებებთან, გაზარდონ საკუთარი კომპანიის ცნობადობა და ოთხი ათასზე მეტ სახელმწიფო შემსყიდველ ორგანიზაციას შესთავაზონ საკუთარი პროდუქცია”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

შესყიდვების ობიექტებისა და მიმწოდებლების ელექტრონული კატალოგი eMarket, ოფიციალური ვებსაიტის გარდა, გავრცელდა სოციალურ ქსელში, საინფორმაციო საშუალებებით და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებულ ყველა მომხმარებელს დაეგზავნა (ბმული: http://emarket.spa.ge/).