კახა კალაძე - საქართველომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქვეყნის მოქალაქეებს შეეძლოთ უვიზო მიმოსვლა ევროპულ ქვეყნებში

საქართველომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქვეყნის მოქალაქეებს შეეძლოთ უვიზო მიმოსვლა ევროპულ ქვეყნებში, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ვიზალიბერალიზაციის საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, წინასწარი მონაცემებით, საფრანგეთი და გერმანია თავს იკავებს საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭების შესახებ. თუმცა კალაძემ აღნიშნა, რომ საჭიროა დაველოდოთ საბოლოო გადაწყვეტილებას.

„ჯერ გადაწყვეტილება არ არის მიღებული. თუმცა წინასწარი მონაცემებით, ვიცით, რომ საფრანგეთი და გერმანია იკავებს თავს. პრემიერს ჰქონდა ქალბატონ მერკელთან სატელეფონო საუბარი. დაველოდოთ როდესაც გადაწყვეტილება იქნება მიღებული. თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ საქართველომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რათა საქართველოს მოქალაქეებს შეეძლოთ უვიზო მიმოსვლა ევროპულ ქვეყნებში. ეს არ არის ერთი და ორი წლის განმავლობაში განხორციელებული რეფორმები. ეს არის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ყველა მთავრობის პირობებში განხორციელებული რეფორმები, იმისთვის, რომ ჩვენ აღნიშნულისთვის მიგვეღწია“, - განაცხადა კახა კალაძემ.