კახა კალაძე - ჰესის მშენებლობა ბოტანიკურ ბაღში დიდი ტყუილია

სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ ჰესის მშენებლობა ბოტანიკურ ბაღში, ასეთი რამ არ არსებობს, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს არ გამოუვიდათ საზოგადოების მოტყუება და ბოტანიკურ ბაღში ჰესის მშენებლობა არასდროს არ იგეგმებოდა.

კალაძის ინფორმაციით, საუბარი იყო პატარა ზომის ჰესზე წავკისში, რომლის განხორციელებაც არ მოხერხდა.

„ეს არის დიდი ტყუილი. ნიკანორს არ გამოუვიდა საზოგადოების მოტყუება, მორალის წაკითხვას ვერ დავუწყებ ამ ადამიანებს, რადგან ყველამ ვიცით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ლიდერები არიან სიცრუეზე და დემაგოგიაზე დაფუძნებული. რაც შეეხება ჰესის მშენებლობას ბოტანიკურ ბაღში, ასეთი რამ არ არსებობს, აქ იყო საუბარი პატარა ჰესზე, რომელიც არის 0,250 კილოვატის სიმძლავრის, გენერატორის ტიპის სადგური, რომელიც წავკისში უნდა განხორციელებულიყო, თუმცა იმ მოცემულობით, რა მოცემულობითაც ინვესტორებს აქვთ შემოტანილი, არ მგონია განხორციელდეს, რადგან ფინანსურად არ არის საინტერესო“, - განაცხადა კახა კალაძემ.

”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას განცხადებით, ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე ჰესის მშენებლობა იგეგმება.

მისივე თქმით, ბაღის ტერიტორიაზე ასევე იგეგმება კაშხლის მშენებლობა.